დიზელგეიტის სკანდალის შემდგომ დაჯარიმებები გრძელდება. ამჯერად გერმანული კონცერნი Volkswagen Group კანადამ დააჯარიმა. საუბარია ამ ქვეყნისთვის რეკორდული ოდენობის ჯარიმაზე, რომელიც ოდესმე გამოუწერიათ კომპანიებისთვის - ჯარიმა 149,7 მლნ დოლარს შეადგენს. ჯარიმის მიზეზი გარემოსთვის მიყენებული ზიანია.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, კომპანიას გასული წლის დეკემბერში წაუყენა კანადის ხელისუფლებამ ბრალი იმპორტის წესების დარღვევაზე, რომელიც ეხებოდა 128,000 ავტომობილის იმპორტს, რომლებშიც გამოვლენილია CO2-ის ნორმების დარღვევა. კომპანიას ბრალი წარუდგინეს, რის შემდეგაც ბრალი აღიარა.
პროკურორების თქმით, ჯარიმა, რომელიც კონცერნს დაეკისრა, არის ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც ქვეყანას დაუწესებია რომელიმე კომპანიისთვის ეკოლოგიური კანონის დარღვევის გამო. პროკურატურის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო თანხა, რომელიც აქამდე ფიქსირებულ ყველაზე დიდ ჯარიმას 26-ჯერ აღემატება.
მთელი თანხა, რომელსაც ქვეყანა ჯარიმიდან მიიღებს, მოხმარდება ეკოლოგიურ პროექტებს, როგორც მსხვილ ქალაქებში, ასევე პროვინციებში.