ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჩინეთში აღმოცენებულ გრიპის ვირუსს, მსოფლიოში გავრცელების რეალური შანსი აქვს, ნავთობის ფასის კლება გამოიწვია. ვირუსის გამო, ჩინეთის 10 დიდ ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც კი შეწყდა.
ჯანდაცვს საერთაშორისო ორგანიზაცია შიშობს, რომ მთვარის ახალი წლის არდადეგებმა, რაც ტურისტულად აქტიური პერიოდია, შესაძლოა, ვირუსის სწრაფი გავრცელება გამოიწვიოს. ამ არდადეგების დროს, მილიონობით ჩინელი მოგზაურობს და ქვეყანაშიც უამრავი უცხოელი ტურისტი ჩადის.
ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და შესაბამისად, ნავთობის მოხმარება მცირდება. შედეგად, ბრენტ მარკის ნავთობის ფასი დღეს 62 დოლარს ჩამოსცდა 61.76 დოლარამდე შემცირდა. კვირის განმავლობაში, კლებამ დაახლოებით 5 პროცენტს მიაღწია და ეს ზედიზედ მესამე კვირაა, რაც ნავთობის ფასი ეცემა. ბრენტის გარდა, გაიაფდა აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოც (WTI), რომლის ფასმაც 55.34 დოლარამდე დაიწია.
ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი მომხმარებელია და მის ქალაქებში ტრანსპორტის შეზღუდვა, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. ისიც სათქმელია, რომ ფასის ვარდნა ამჯერად არ იყო მკვეთრი, რაც აშშ-ში მარაგების შემცირების ბრალია. გარდა ამისა, ლიბიაში სიტუაციის დაძაბვის გამო, რამდენიმე საწარმო გაჩერდა.