გერმანია ბირთვულ ელექტრო სადგურებს ხურავს

გერმანიაში კიდევ ერთი ბირთვული სადგური გაჩერდა - კომპანია EnBW-მ „ფილიპსბურგ 2“ გამორთო. სადგურის გათიშვა 31 დეკემბერს განხორციელდა. ამგვარად, ქვეყანაში მხოლოდ ექვსი მოქმედი ბირთვული რეაქტორი დარჩა, რომლებიც მუშაობას ორი წლის განმავლობაში შეწყვეტენ.

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 17 ბირთვული რეაქტორის გაჩერება 2011 წელს, ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გადაწყვიტა. მაშინ ცუნამიმ სანაპიროზე მდგარი რეაქტორი დატბორა და მისი სარეზერვო გენერატორები გათიშა, რამაც გარემოს რადიაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

ფუკუშიმას კატასტროფა ყველაზე უარესია ჩერნობილის (უკრაინა) 1986 წლის კატასტროფის შემდეგ, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა და 154 ათასი ადამიანი ლტოლვილად აქცია. ჩერნობილის ზონა დღესაც საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

სადგურის გამორთვის შემდეგ, „ფილიპსბურგ 2-ის“ ორი გასაგრილებელი კოშკი თანდათან გაჩერდება, რის შემდეგაც დაიწყება სადგურის დაშლა, რასაც 10-15 წელი დასჭირდება. მახლობლად მდებარე „ფილიპსბურგ 1“ 2011 წელს გამოირთო და მისი დაშლა აქამდე არ დასრულებულა. წინასწარი შეფასებით, კომპანია EnBW-ს სადგურის დაშლა 7.5 მილიარდი ევრო დაუჯდება.

გერმანიის ენერგეტიკულ სტრატეგიას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმით გამოწვეული ენერგოდეფიციტის შევსება, ქვეყანას ქვანახშირის თოსადგურების ხარჯზე მოუწევს. გერმანიაში ინტენსიურად ვითარდება ქარის და მზის ენერგეტიკა, მაგრამ ენერგობალანსის მისაღწევად, თბური ენერგიის გამოყენებაა აუცილებელი.

შარშან გერმანიის ენერგეტიკაში, ბირთვულ ენერგიაზე დაახლოებით 12 პროცენტი მოდიოდა. შედარებისთვის, 2000 წელს ბირთვული ენერგიის წილი 30 პროცენტი იყო. ამავე პერიოდში, განახლებადი წყაროებით მოპოვებული ენერგიის წილი, დაახლოებით 40 პროცენტით არის გაზრდილი.