„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

შპს „ინვესტ ჯგუფმა“ ანანოვების სასახლის პროექტი წარადგინა.

პროექტის მიხედვით, სასახლეს სრულიად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე, რეაბილიტირდება და შენობაში 6 ნომრიანი სასტუმრო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული ცენტრი, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო/სადეგუსტაციო სივრცე, სპორტული მოედანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ანანოვების სასახლის საინვესტიციო პოტენციალი Cushman & Wakefield Georgia-მ შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, შემუშავდა განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი, განსხვავებული ტიპის ტურისტული ზონა.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტერიტორია იყო აუთვისებელი და უფუნქციო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ განვითარების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანანოვების სასახლეს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი გიორგი ჯაფარიძე.

შპს „ინვესტ ჯგუფის“ დირექტორი, დავით კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ქართული ტურისტული ბაზრის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს და დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას მისცემს, აქამდე მიტოვებული შენობები გამოაცოცხლონ, ახალი სიცოცხლე შესძინონ, ხალხი დაასაქმონ, მოიზიდონ ახალი ტურისტები და ინვესტიციები ისევ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიმართონ. „ახალი ტურისტული ცენტრის, სასტუმროსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ვალდებულებით განსაზღვრულ 4 მილიონ ლარზე ბევრად მეტი თანხის დახარჯვა იგეგმება. არსებული გეგმით, სასტუმროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. რაც შეეხება სხვა დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსთან და ჩვენი ინტერესების საბოლოო თანხვედრის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ ახალ პროექტებზე მუშაობა სწორედ რომელიმე საერთაშორისო ბრენდთან დავიწყოთ. დღეს წარმოდგენილი პროექტით ძალიან ვამაყობთ, არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფმა მართლა კოლოსალური სამუშაო გასწია ასეთ მოკლე დროში. შედეგი, ვფიქრობ, ყველასთვის შთამბეჭდავია!“

ანანოვების სასახლის სასტუმროსა და მიმდებარე ლანდშაფტის მოწყობის პროექტზე MUA – Multiverse Architecture არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდმა იმუშავა. „ჩვენთვის მსგავსი ისტორიის მქონე შენობის რეკონსტრუქციაზე მუშაობა, თანაც ისე, რომ ისტორიული იერსახე და კულტურული იდენტობა შეგვენარჩუნებინა, ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. ვფიქრობ, პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და გვიხარია, რომ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ,“ - აცხადებს პროექტის ავტორი, დევი ქიტუაშვილი.

ანანოვების სასახლეში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

(R)