კორონავირუსის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფდება

მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე დღეს დილის მონაცემებით ნავთობზე ფასები მცირდება. თბილისის დროით 8:25 საათის მდგომარეობით Brent-ის მარკის ნავთობი 1,4 დოლარით (2,31%-ით) შემცირდა და ბარელზე 59,29 დოლარი შეადგინა. მაშინ როცა პარასკევს მისი ფასი 60,69 დოლარი იყო.

კლება ფიქსირდება WTI მარკის ნავთობზეც, რომელზეც ფასმა ბარელზე 1,31 (2,42%) დოლარით 52,88 დოლარამდე იკლო. პარასკევს მისი ფასი 54,19 დოლარი იყო.

ნავთობზე ფასის კლებას სპეციალისტები კორონავირუსის შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც ამ ვირუსით დაინფიცირებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი. გარდაცვლილია 80, ხოლო დაინფიცირებულია 2700-ზე მეტი ადამიანი.

კოკა კვირკველია