როგორ დაასაჩუქრეს ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში  ველოსიპედი მოპარეს

მოქალაქეებმა და კერძო სექტორმა დაასაჩუქრა ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმარს - როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ველოსიპედი - Bikes.ge; ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri და ტრადიციული ქართული ვახშამი; ასევე 2 ღამე ჰოსტელში - Fabrika,“- წერს ქვრივიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ კემფბელმა ფეისბუქის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა.

"აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა და 7 500 კილომეტრი გამოვიარე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა. მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ, გამაგებინოთ. გმადლობთ," - წერს კემფბელი.

თაია არდოტელი