ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა - რას შეეხება აკრძალვა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

„გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.