ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საკონსულოს აღრიცხვისთვის 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა

ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონკრეტულად უხანის პროვინციაში კი, ამ დროისთვის, საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

„მომართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე, რაც გააიოლებს ვითარების მონიტორინგს და კონტროლს. ვინც კი ამჟამად იმყოფება ჩინეთის ტერიტორიაზე გვიკავშირდება, დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ასეთი 100-ზე მეტი ადამიანია. ვიცით მათი ტელეფონი, საკონტაქტო მონაცემები, გვაქვს სახელი, გვარი, ვიცით, სად მოვძებნოთ საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში“, - განაცხადა კალანდიამ.

მისივე თქმით, საელჩო რჩება უხანის პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან პირდაპირ კონტაქტზე.

„საფრთხე მათ სიცოცხლეს არ ემუქრება. მე მაქვს კონტაქტი უხანის მუნიციპალიტეტთან, მათგან მივიღე ინფორმაცია, რომ არანაირი დეფიციტი ან მედიკამენტების, ან საკვების, ან სასმელი წყლის არ შეიქმნება, ქალაქი მაქსიმალურადაა მობილიზებული. ნელ- ნელა მთავრდება ჩინური ახალი წელი და ის ობიექტები და მაღაზიები, რაც იყო დაკეტილი, გაიხსნება“, - განაცხადა ელჩმა.