ცნობილი სწრაფი კვების რესტორანი „მაკდონალდსი" მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების ათეულშია.
„ფორბსის" ინფორმაციით, 2019 წელს კომპანიის ღირებულება 43.8 მლრდ დოლარს შეადგენდა. გასულ წელს „მაკდონალდსის" შემოსავალი 96.1 მლრდ იყო. ამ ეტაპზე კომპანიაში 210,000 ადამიანია დასაქმებული.
პატარა, უსახელო რესტორანი კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოში, XX საუკუნის 40-იან წლებში, დიდად არაფრით გამოირჩეოდა. მას ძმები მაკდონალდებისთვის წელიწადში $200 ათასი დოლარი მოჰქონდა, რაც მათ სავსებით აკმაყოფილებდათ, ვიდრე ქვეყანაში ვითარება უკუღმა არ წავიდა. ძმებს, დიკსა და მაკს, რამე უნდა ეღონათ. მათ რესტორნის მომსახურების სისტემა მთლიანად შეცვალეს, რაც რევოლუციის ტოლფასი აღმოჩნდა.
სიახლის არსი დიდწილად თვითმომსახურებაზე გადასვლა იყო - მომხმარებელი თავის შეკვეთილ კერძს ლითონის დახლთან იღებდა, მერე კი თავად პოულობდა ადგილს დარბაზში. გარდა ამისა, მაკდონალდებმა უარი თქვეს ასორტიმენტის დიდ ნაწილზე და მენიუში მხოლოდ ცხრა პუნქტი დატოვეს: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, სამი სახის უალკოჰოლო სასმელი, რძე, ყავა, ღვეზელი და ჩიფსი. მალე მენიუში მეათე დასახელებაც გაჩნდა - ლეგენდური კარტოფილი „ფრი". სამზარეულოს მუშაობის პრინციპი ძმებმა მთლიანად შეცვალეს. მოქმედების სისწრაფე კონვეიერული ხაზისას წააგავდა. მათ შეისწავლეს საკვების მომზადებისას მზარეულთა მოძრაობა და მოწყობილობები დიდი ეფექტურობით განალაგეს. მომსახურების ახალი სისტემის დანერგვის წყალობით შემცირებულმა ხარჯებმა მაკდონალდებს საშუალება მისცა, ჰამბურგერის ფასი გაენახევრებინათ, 30-დან 15 ცენტამდე. ეს კონკურენტებისთვის ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა. 50-იან წლებში რესტორანს მეპატრონეებისთვის უკვე $350 ათასი შემოჰქონდა, მათზე მთელ კალიფორნიაში ალაპარაკდნენ. დიკი და მაკი ათას დოლარად გასცემდნენ სახელ „მაკდონალდსის" გამოყენების ლიცენზიას, მყიდველს უხსნიდნენ მუშაობის პრინციპს და ერთ-ორი კვირით „ათხოვებდნენ" არტ ბენდერს, მათი პირველი რესტორნის პირველ დაქირავებულ თანამშრომელს. განვითარების პოტენციალი დიდი იყო, თუმცა ძმებს არ სურდათ, პირადად ეკონტროლებინათ ბიზნესის გაფართოება მათი კონცეფციის მიხედვით. მალე მათი რესტორნით რეი კროკი დაინტერესდა.
იღბალი დაგვიანებით
რეი კროკი მეოცნებე გახლდათ. 15 წლისამ სკოლა მიატოვა, რათა „წითელი ჯვრის" სასწრაფოზე მძღოლად ემუშავა. ბოლოს კომივოიაჟერი გახდა. დიდხანს ყიდდა რესტორნებისთვის ქაღალდის ჭიქებს. სამსახურის გამო ბევრს მოგზაურობდა, საკუთარი საქმეების წამოწყებაც სცადა, მაგალითად, მულტიმიქსერებით ვაჭრობის. თავდაპირველად საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ბაზარზე კონკურენტები გამოჩნდნენ უფრო თანამედროვე საქონლით და ფირმა თითქმის გაკოტრდა. კროკი უკვე 52 წლის გახლდათ. ბევრი ამ დროს პენსიაზე იწყებს ფიქრს, მაგრამ რეი გაკოტრებასთან შეგუებას არ აპირებდა. მაკდონალდები კროკის მრავალფუნქციური მიქსერების მყიდველები იყვნენ და ისიც ამიტომ აღმოჩნდა მათ რესტორანში. როცა ლითონის დახლთან კლიენტთა გრძელი რიგი დაინახა, გონება გაუნათდა: „ასეთი სისტემა ყველგან იმუშავებს!" ჰამბურგერის სიიაფემაც განაცვიფრა, მოგვიანებით კი გამაოგნებელი ამბავი შეიტყო, რომ რესტორნის წლიური შემოსავალი $300 ათასზე მეტი ყოფილა!
მაკდონალდებს ბიზნესის გაფართოების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, უბრალოდ ამის თავად გაკეთება დიდად არ ეხალისებოდათ. მეოცნებე კომივოიაჟერი საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ის დიკისა და მაკის სპეცაგენტი გახდა ფრანჩაიზინგში (სადაც ერთი მხარე მეორეს ლიცენზიას - ფრანშიზას მიჰყიდის და ამით განსაზღვრული ბიზნესის წარმართვის ნებართვას აძლევს, შემუშავებული ბიზნესმოდელის მიხედვით). რეიმ ხარისხიან საკვებს, შეზღუდულ მენიუს, კონვეიერის მსგავს საწარმოო სისტემასა და სწრაფ, კეთილგანწყობილ მომსახურებას სისუფთავის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი დაუმატა.
1955 წლის 2 მარტს გაიხსნა ფრანჩაიზინგული კომპანია „მაკდონალდს სისტემ ინკი", რომელიც თითოეული ფრანშიზის 20 წლით გაყიდვას $950-ად აპირებდა. რესტორნების თვიური შემოსავლის 1,9% კროკის იყო, როგორც საქმეთა მწარმოებლის, 0,5% კი ძმები მაკდონალდების - სისტემის ავტორების. ფრანჩაიზინგის მამამთავრად ზინგერი მიიჩნევა, რომელმაც ამ გზით დაიწყო თავისი საკერავი მანქანებით ვაჭრობა. ეს მოვლენა უკვე ძალიან გავრცელებული იყო, თუმცა კროკის სისტემა გაცილებით სრულყოფილი გახლდათ. ფრანშიზებს მხოლოდ კარგ რესტორნებზე ყიდდნენ. კროკი სადღეხვალიო მოგებას არ დაგიდევდათ, მისთვის მთავარი გრძელვადიანი გეგმები იყო. წარმატების მიღწევა არცთუ ადვილი აღმოჩნდა. მსხვილ მოთამაშეებს „მაკდონალდსთან" თანამშრომლობა არ სურდათ, ერჩიათ, ფრანშიზები ერთბაშად მთელი შტატების მასშტაბით ეყიდათ. წვრილი ბიზნესმენები კი შიშობდნენ, რადგან ლიცენზია მხოლოდ ოცი წლით გაიცემოდა. რა მოხდებოდა ოცი წლის შემდეგ? ხომ არ დაკარგავდნენ ბიზნესს? რეი კროკი მკაცრად აკონტროლებდა თითოეული რესტორნის მუშაობას, რამდენად შეესაბამებოდა ის ბრენდს. მომდევნო რესტორნისთვის ლიცენზია მხოლოდ მაშინ გაიცემოდა, თუ წინას ეფექტიანი მუშაობა დადასტურდებოდა. პირველ წელიწადს რეიმ მხოლოდ 18 ფრანშიზის გაყიდვა მოახერხა, თუმცა კონტროლი გაძნელდა: ზოგიერთი „მაკდონალდსის" მენიუში გაჩნდა ჰოტდოგი და პიცა, არც მომსახურებით ბრწყინავდნენ. კროკი კი ვერაფერს უხერხებდა, ფრანშიზის მფლობელებს რესტორანი საკუთრებად მიაჩნდათ. ერთხელაც საქმეში 46 წლის ჟურნალისტი სენფორდ აგატე ჩაერთო. მას 25 ათასი დოლარი დაეგროვებინა და საკუთარ ბიზნესზე ოცნებობდა. ეს მომენტი კომპანიის ისტორიისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. რესტორნის გახსნიდან ორი წლის შემდეგ, 1957 წელს, აგატეს შემოსავალმა თვით კროკისას ორჯერ გადააჭარბა და ყოფილმა ჟურნალისტმა შეძლო დიდი სახლი ეყიდა. ამის შემდეგ საკუთარ ბიზნესზე მეოცნებე ადამიანებმა „მაკდონალდსს" მიაპყრეს მზერა - მასში თავიანთი მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას ხედავდნენ. რომ არა აგატეს წარმატება, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა „მაკდონალდსის" ბედი.
„რა სარგებლობა მოაქვს ტყუილს"
1961 წელს კროკმა გადაწყვიტა, დიკ და მაკ მაკდონალდებისგან მარკაზე უფლება გამოესყიდა. ძმები მზად იყვნენ, $2,7 მლნ-ის სანაცვლოდ მოქმედების თავისუფლება კროკისთვის გადაელოცათ, მაგრამ რეის ამდენი ფული არ ჰქონდა. ქსელის 224 რესტორნის შემოსავალი იმ დროისთვის $75 მილიონს შეადგენდა, საიდანაც კროკს წილად $77 ათასი ხვდა, კომპანიის ვალი $5 მლნ-ს აღწევდა. კროკს როგორმე კრედიტი უნდა აეღო, მაგრამ ბანკებმა უარი სტკიცეს, სწრაფი კვების ობიექტებთან საქმის დაჭერა სარისკოდ მიიჩნიეს. კროკმა კომპანიის მთავარ ფინანსისტ ჰარი ზონენბორნთან ერთად აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებს მიმართა. თითქოს შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად კვლავ უარი მიიღეს. სასწრაფოდ მოწვეული შეხვედრისას კრედიტორებმა განაცხადეს, რომ სწრაფი კვება საიმედო ბიზნესი არ იყო. საპასუხოდ ზონენბორნმა ლეგენდად ქცეული ფრაზა მიუგო: „ჩვენ... მმმ... უძრავი ქონებით ვვაჭრობთ". საქმე ის იყო, რომ „მაკდონალდსი" აპირებდა, რესტორნებთან ერთად, თანდათან მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ეყიდა. მიწას 20-წლიანი იჯარით, ფიქსირებულ $700-ად ქირაობდნენ, ეს კონკურენტი ავტოგასამართი სადგურების გადასახადზე გაცილები მეტი იყო. მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს $700 გროშებად იქცა და ბევრი მოიჯარე სიმწრით თმებს იგლეჯდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იჯარის ფულს „მაკდონალდსი" კი არ ფარავდა, არამედ ფრანშიზის მყიდველი. ის თავდაპირველად $1000-ს იხდიდა, შემდეგ კი შემოსავლის პროცენტს. ამასთან, ფრანშიზის მყიდველს დეპოზიტზე $10 ათასი უნდა შეეტანა. ათ წელიწადში მას თანხის ნახევარი უბრუნდებოდა, ოც წელიწადში - მთლიანი თანხა. სწორედ ეს $10 ათასი იყო „მაკდონალდსის" თავდაპირველი შენატანი მიწის ნაკვეთისთვის. კროკისა და ზონენბორნის „ფრანშიზა ისტეიტი" $16 მლნ-ის აქტივს ფლობდა, მაგრამ „მაკდონალდსს" საქმე მთლად კარგად არ მისდიოდა და კრედიტის ასაღებად სასწრაფოდ უნდა შეექმნა პრესტიჟული და მოგებიანი კომპანიის იმიჯი. ფირმის ბუღალტერმა რიჩარდ ჯეი ბოილანმა აქტივებში ჩაწერა შენობები, რაკი კომპანია მათ იჯარით გასცემდა (რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო „მაკდონალდსის" საკუთრება).
უძრავი ქონების ფასიც მუდმივად იმატებდა და ეს ზრდაც შემოსავლის გრაფაში ჩაიწერა. ეს მაქინაცია არ ყოფილა, რადგან ბოილანმა, რომელიც იურისტიც იყო, შენიშვნებში ყველაფერი მიუთითა. მაგრამ მოგეხსენებათ, შენიშვნებს თითქმის არავინ ეცნობა, ამჯერადაც ასე მოხდა და „მაკდონალდსს" ბანკებმა ფული ასესხეს. 1961 წელს ძმებმა მაკდონალდებმა $2,7 მლნ მიიღეს (აქედან 700 ათასი გადასახადი იყო და თითოს თითო მილიონი შეხვდა), ხოლო კროკმა - ბიზნესის განვითარების სრული თავისუფლება. დაიწყო კომპანიის თავბრუდამხვევი ზრდა. 1963 წელს ქსელი ყოველდღიურად 1 მლნ ჰამბურგერს ყიდდა. ორი წლის შემდეგ მემილიარდე ჰამბურგერის გაყიდვა იზეიმეს. მალევე კომპანია სააქციო საზოგადოება გახდა. $22,5-დოლარიანი აქციები გამოშვებიდან რამდენიმე კვირაში უკვე $44 ღირდა. კროკი, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ხეირიანად ხელფასიც არ ღირსებია და ასკეტურად ცხოვრობდა, უეცრად მილიონერი გახდა, $37 მლნ-ის აქციებით. 1966 წელს „მაკდონალდსის" აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა, სადაც სწრაფი კვების ქსელი არასოდეს მოხვედრილა. სწორედ ამ წელს პირველად გაძვირდა ჰამბურგერი, 15-დან 18 ცენტამდე, ილინოისში კი კომპანიის მეათასე რესტორანი გაიხსნა. ოთხი წლის შემდეგ კომპანია ათასობით რესტორანს ითვლიდა, ზოგიერთს უკვე აშშ-ის საზღვრებს გარეთ. პირველი რესტორანი „მაკავტო" 1975 წელს გაიხსნა (დღეს ამგვარ რესტორნებზე აშშ-ში ქსელის მთლიანი ბრუნვის ნახევარი მოდის). კომპანიას $2,5 მილიარდიანი ბრუნვით რესტორნები უკვე ოც ქვეყანაში ჰქონდა. რეი კროკი 1984 წელს გარდაიცვალა. კაცმა, რომელსაც 52 წლის ასაკში თითქმის არაფერი ებადა, 30-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა კომპანია $10 მილიარდიანი ბრუნვით. ქსელი 30 ქვეყანაში იყო გაშლილი, ყოველ 17 საათში კი სადღაც ახალი „მაკდონალდსი" იხსნებოდა. კომპანია ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსაც „ერგება". მაგალითად, ინდოეთში ბიგ-მაკს მაჰარაჯა-მაკი დაარქვეს და მას ცხვრის ხორცისგან ამზადებენ. ისრაელში მენიუდან ამოღებულია რძე (ებრაელები რძესა და ხორცს ერთად არ მიირთმევენ) და რესტორნები შაბათობით არ მუშაობს. კანადაში მენიუში პიცა შეიტანეს. საქართველოში, მორწმუნეთა ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს სამარხვო მენიუც.
გამოყენებულია „ეკოპალიტრის" მასალები