საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“, შვიდი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება: „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“ რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში (როსპატენტი) დაარეგისტრირა. „საქპატენტმა“, ქართული დასახელებების სამართლებრივი დაცვის მინიჭების მოთხოვნით, „როსპატენტს“ გასული წლის აგვისტოში მიმართა. აღნიშნულ დასახელებებზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს, ასევე განხორცილდა ქართული ღვინის ექვსი ადგილწარმოშობის დასახელების: „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“ რეგისტრაცია.
„აღნიშნული ღონისძიებების გატარება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, ქართული ღვინისა და პროდუქტების ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეპუტაციის დაცვისა და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაცვის სამართლებრივი ბერკეტების მოპოვების მიზნით.
„საქპატენტი“ კვლავ გააგრძელებს სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.