520-ე დადგენილების ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს დაუდგება მაისის თვეში, შესაბამისად, კლინიკების მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალზე ხელფასების შემცირება, არის სიცრუე, ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში. „520-ე დადგენილების ფარგლებში ტარიფებში არ ყოფილა ცვლილება შეტანილი სახელფასო ანაზღაურების კუთხით და ამის საფუძველი კლინიკებს არ გააჩნიათ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
რაც შეეხება სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახებებზე დაგვიანების შესახებ კითხვას, მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
„მოვახდინეთ ავტოპარკის განახლება, საჭიროების შემთხვევაში კი მოვახდენთ ბრიგადების დამატებას“, - აღნიშნა ტიკარაძემ.