საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში.
„ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის რელევანტურ ისეთ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.
მომდევნო კვლევითი ნაშრომი "ფილიპსის მრუდის იდენტიფიკაცია საქართველოსათვის" მომზადდა სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლების მიერ. კვლევაში განხილულია, თუ რამდენად ძლიერია კავშირი ეკონომიკურ აქტივობასა და ინფლაციას შორის (ე.წ. ფილიპსის მრუდი). მიღებული ემპირიული შედეგების მიხედვით, საქართველოს შემთხვევაში ფილიპსის მრუდის დახრილობა შედარებით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნის ინფლაციაზე გავლენა აქ მაინც უფრო დიდია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს მიუთითებს, რომ მაღალი ინფლაციის შემცირების ხარჯი დიდია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლავაც გააგრძელოს პროაქტიული და ადრეული რეაგირება ინფლაციურ მოლოდინებზე. გარდა ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკური აგენტების ნახევარი ინფლაციურ მოლოდინებს იყალიბებს ინფლაციის წარსულზე დაყრდნობით. ეს მიუთითებს, რომ, მიუხედავად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, კვლავაც არსებობს ინფლაციური მოლოდინების მართვის ეფექტურობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.