„ქარელის ხილმა“, რომლის წარმოებული პროდუქცია ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება, სურსათის უვნებლობის FSSC 22000-ის სერტიფიკატი მიიღო. როგორც კომპანიის ხარისხის განვითარების მენეჯერი ანანო ბეჟანიშვილი აცხადებს, ეს სერთიფიკატი ხელს შეუწყობს ბრენდის რეპუტაციის გაძლიერებას საქართველოს ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოებას.
„ქარელის ხილმა“ სურსათის უვნებლობის სერტიფიკატის FSSC 22000-ის განახლებული მეხუთე ვერსიით გაიარა შემოწმება. რეალურად, ჩვენ ვართ საქართველოში პირველები, ვისაც ეს სერტიფიკატი ექნება. გქონდეს FSSC 22000-ის სერტიფიკატი, ნიშნავს იმას, რომ კომპანია სრულად იცავს სურსათის უვნებლობის და მენეჯმენტის სტანდარტებს. ამასთან, ამ სერტიფიკატის მიღებით უფრო მეტად მოხდება ბრენდის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც“, - განაცხადა ანანო ბეჟანიშვილმა.
ცნობისათვის, „ჩიკორის“ ჩირი ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. ამავე წლის მეორე ნახევრიდან კი უკვე ექსპორტზე გავიდა. ამ დროისთვის „ქარელის ხილის“ პროდუქცია გადის ჩეხეთში, ლიეტუვაში, ჰონკონგში, ჩინეთში, იაპონიაში, გერმანიაში და რუსეთში. 2019 წლის ბოლოს „ჩიკორი“ Lidl-ის ქსელში შევიდა. „ქარელის ხილის“ წარმოებული პროდუქტები ლიეტუვას მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. მანამდე „ჩიკორი“ ჩეხეთში გავიდა. უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტირება უკრაინაშიც მოხდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის სამომავლო გეგმებშია პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება. ამ დროისთვის ექსპორტის წილი წარმოების 40%-ს შეადგენს, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების პარალელურად ეს წილი კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ჩიკორის“ ბრენდით დღეს ბაზარზე 15 სახეობის ჩირი იყიდება, ნაწილი შოკოლადში ამოვლებული სახით. 2019 წელს საცალო გაყიდვების ქსელებში გამოვიდა ვაშლის ჩიფსები, რომელიც წარმოებისას ვიტამინებისა და მინერალების 70-80%-ს ინარჩუნებს.
2019 წლიდან „ქარელის ხილი“ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა. ამავე წელს კომპანია საოპერაციო მოგებაზე გავიდა და აგრძელებს ზრდას.
რას ნიშნავს FSSC 22000
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ახალი სქემა - FSSC 22000 - შემუშავებულ იქნა სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციებისთვის. FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის სრულყოფილ სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის გლობალურ სტანდარტს, და ISO/TS 22002 სტანდარტზე, რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ.
FSSC 22000 იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებსაც მხარი დაუჭირა და იყენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 175 წევრი სახელმწიფო. მას მიენიჭა სრული აღიარება "სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის"(GFSI) მიერ და მას მხარს უჭერს "ევროკავშირის სურსათისა და სასმელის ინდუსტრიების კონფედერაცია" (CIAA). მხოლოდ ასოცირებული სასერტიფიკაციო ორგანოები, როგორიცაა LRQA, ლიცენზირებული არიან გასცენ აკრედიტებული FSSC 22000 სერტიფიკატი.
FSSC 22000 სქემა ითვალისწინებს - სურსათთან დაკავშირებული სტანდარტების მაღალ გამჭვირვალობას; გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ყველა მხარის მიერ; გაცილებით შედეგიან მესამე მხარის აუდიტს, რომელიც ამცირებს ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან. FSSC 22000 სქემის საბოლოო მიზანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა მთლიანად სასურსათო ჯაჭვში. აღნიშნული მიდგომა დადებითად იმოქმედებს და შექმნის გარკვეულ უპირატესობებს სურსათის წარმოების და მიწოდების მთლიან ჯაჭვში.