„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურ მუშაობას , - ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთიში” იმედს გამოთქვამენ, რომ ყველა საჭირო ნებართვას დროულად მიიღებენ და 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება.
კომპანიის განცხადებით,, “ეიპიემ ტერმინალსი“ მიჰყვება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმას პირველ ფაზაში 250 მილიონ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალის და მეორე ფაზაში დამატებით სოლიდური მოცულობის თანხის ინვესტირებით, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის მასშტაბური განვითარებისათვის.
„აღნიშნული ინვესტიცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოთის საზღვაო ნავსადგურში არის ნათელი მაგალითი ჩვენი ერთგულებისა და რწმენისა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორის განვითარების ძალისხმევისადმი. ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რომლის ხარჯიც უმნიშვნელოა ქართველი გადასახადების გადამხდელებისათვის, იქნება ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარების საწინდარი, შესთავაზებს რა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ლოგისტიკურ მომსახურებებს და გამოიყენებს მსოფლიო დონის კომპანიის გამოცდილებასა და რესურსებს, ასევე, შექმნის ათასზე მეტ დამატებით სამუშაო ადგილს და სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობას ნავსადგურსა თუ მის გარეთ“, - განმარტავს კელდ ქრისტენსენი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი.
კომპანიის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში.
„დარწმუნებული ვართ მთავრობის მხარდაჭერაში და გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ოფიციალურ სტრუქტურებთან, რათა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეინარჩუნოს კავკასიისა და მის მიღმა მდებარე რეგიონის სატრანსპორტო კარიბჭის სტატუსი“ ,- დასძინა კელდ ქრისტენსენმა
მშენებლობის სავარაუდო ვადები განისაზღვრება 24-30 თვით, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და მათ მხარდაჭერას, რათა ყველა საჭირო ნებართვა მიღებულ იქნას დროულად. და თუ ეს ასე იქნება, რისი მოლოდინიც გვაქვს, პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს.
მათივე ინფორმაციით, “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი. პი. მოლერ–მერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს. „მერსკი“ საქართველოში წარმოდგენილია 1994 წლიდან, როცა მისი შვილობილი კომპანია „სილენდი“ (SeaLand) პირველად ჩაერთო ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვაში.