დაბრაწული წიწილების პოლკოვნიკი, ანუ KFC-ი
KFC სწრაფი კვების ქსელია აშშ-დან, რომელმაც თავისი შემწვარი ქათმებით მსოფლიოში გაითქვა სახელი. იქ თავს იწონებენ, რომ ზოგიერთი კონკურენტი ქსელისგან განსხვავებით, მათი პროდუქტი ნატურალურია. თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და, დაბრაწული ქათამიც არ არის დიდად მარგებელი ჯანმრთელობისათვის. კომპანიას ზოგიერთი რამ აქვს საერთო „მაკდონალდსთან" - KFC-ს დამაარსებელმაც გვიან მიაღწია წარმატებას, ეს ქსელიც ფრანჩაიზინგის სქემით ვითარდებოდა და საზოგადოების მხრიდანაც უტევდნენ. ოღონდ თუ „მაკდონალდსს" არაჯანსაღი საკვების გამო აკრიტიკებდნენ, KFC-ს ქათმების „მკვლელობას" არ პატიობდნენ.
KFC მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების სიაში 86-ე ადგილზეა. „ფორბსის" ინფორმაციით, 2019 წელს კომპანიის ღირებულება 8.5 მლრდ დოლარს შეადგენდა. გასულ წელს KFC-ის შემოსავალი 26.2 მლრდ იყო.
ჰარლანდ სანდერსი ქვეყანას 1890 წლის 9 სექტემბერს მოევლინა ჰენრივილში, ინდიანას შტატში. იგი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამამისი მეზობელ ფერმერებს ეხმარებოდა და ასე შოულობდა ლუკმა-პურს. ოჯახს განსაკუთრებით გაუჭირდა, როცა მარჩენალი გარდაიცვალა, მაშინ მომავალი ბიზნესმენი მხოლოდ ექვსი წლის იყო.
ჰარლანდი საოჯახო საქმეებში დედას ეხმარებოდა. მეშვიდე კლასში იძულებული შეიქნა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და უმცროსი და-ძმისთვის მოევლო, რადგან დედამ მუშაობა დაიწყო. სწორედ ამან იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა სანდერსის მომავლის განსაზღვრაზე - ბიჭს კულინარობა უწევდა და, როგორც ნათესავები აღნიშნავდნენ, ეს საქმე ხელიდან გამოსდიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედა გათხოვდა და ოჯახს არსებობის სახსარი გაუჩნდა, თუმცა ბიჭი სწავლას აღარ დაჰბრუნებია და ოჯახიდანაც წავიდა, რადგან მამინაცვალი სცემდა. ყმაწვილმა სანდერსმა სამუშაოს საძებნელად სხვა ქალაქს მიაშურა. 15 წლის ჰარლანდი ტრამვაის კონდუქტორად მოეწყო, ერთი წლის შემდეგ კი აშშ-ის არმიის რიგითი გახდა, თანაც კუბაზე. მაგრამ ყმაწვილს სამხედრო კარიერა დიდად არ იზიდავდა, ამიტომაც ერთი წლის თავზე არმია დატოვა და სარკინიგზო კომპანიაში მოეწყო ცეცხლფარეშად. ბოლოს და ბოლოს, ჰარლანდს ცოტაოდენი ფული გაუჩნდა, იმდენი, ცხოვრება რომ შეიძლებოდა. სტაბილურმა შემოსავალმა ჭაბუკს დაოჯახება გადააწყვეტინა. ცოლად შეირთო ქალი, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა. კლავდია მედგრად იტანდა ყველა პრობლემას, ისინი კი სანდერსებს არ აკლდათ. ჯერ იყო და, ცეცხლფარეშობიდან თითქმის დაქორწინებისთანავე დაითხოვეს, ამის შემდეგ უამრავ პროფესიაში მოსინჯა ძალები, თუმცა დიდხანს არსად უმართლებდა. ასეთ მკაცრ გამოცდას ბევრი ცოლი ვერ გაუძლებდა, კლავდიას კი მტკიცედ სწამდა ქმრისა და როგორც აღმოჩნდა, არც ცდებოდა.
საბურავებიდან ქათმებამდე
40 წლამდე ჰარლანდი ხან საბურავებით ვაჭრობდა, სამხედროც იყო, ცეცხლფარეშიც, კონდუქტორიც, ფერმერის დამხმარეც, მეწვრილმანეც და ბევრი სხვაც. სანდერსს ცოტაოდენი კაპიტალიც ჰქონდა, თუმცა ცხოვრების შეცვლა სურდა. 1930 წელს კენტუკიში მან საკუთარი ავტოსახელოსნო გახსნა - გაგანია დიდი დეპრესიის დროს. უნდა ითქვას, რომ სახელოსნოსთვის მეტად მოხერხებული ადგილი შეარჩია, 25-ე ფედერალური მაგისტრალის პირას. ამ გზით ხალხი ჩრდილოეთის შტატებიდან ფლორიდისკენ მიემართებოდა, ამდენად, კლიენტთა ნაკადიც არ წყდებოდა. მალე სანდერსმა გადაწყვიტა, სასადილო გაეხსნა მოზღვავებული მუშტრისთვის, ვიდრე ისინი მანქანის შეკეთებას ელოდნენ. თუმცა სიტყვა „შეკეთება" გადაჭარბებულია, რადგან სანდერსის სახელოსნოში მანქანებს, დიდი-დიდი, ზეთს ან საბურავს თუ გამოუცვლიდნენ. ფუნდუკისთვის ადგილი არც იყო, სანდერსმა ერთი პატარა ოთახი გამოყო ავტოსახელოსნოს გვერდით და იქ მაგიდა და ექვსი სკამი დადგა, საჭმელს კი ოჯახის სამზარეულოში ამზადებდა. მალე მთელ კენტუკიში ხმა გავარდა, რომ ფედერალურ ავტომაგისტრალზე მდებარე ავტოსახელოსნოში ისეთ დაბრაწულ ვარიებს მოგართმევდნენ, რომ თითებს ჩაიკვნეტდი, თანაც უბრალოდ შემწვარს კი არა, თერთმეტი სხვადასხვა ბალახ-ბულახითა და სანელებლით შეკაზმულს. ცხრა წლის განმავლობაში აუმჯობესებდა ასაკოვანი მზარეული საკუთარ რეცეპტს და მას შემდეგ ის დღემდე უცვლელია.
სანდერსების საქმე ნელ-ნელა ეწყობოდა. შემოსავლის გასაზრდელად ჰარლანდმა სწრაფად მოსამზადებელი ქვაბი შეიძინა. მაშინ ეს ახალი ხილი იყო და ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთი ქვაბების უპირატესობა შეაფასა, სწორედ სანდერსი გახლდათ. თუ ადრე ქათმის კერძის მომზადებას 30 წუთი სჭირდებოდა, ახლა ეს დრო 15 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად, მუშტარსაც ორჯერ ნაკლები ლოდინი უწევდა. დაკვეთების გასაზრდელად უკეთესის მოფიქრება ძნელი იყო: სწრაფად მოსამზადებელ ქვაბს სახურავი ჰერმეტულად ეხურება და ორთქლი გარეთ მხოლოდ სარქველის მეშვეობით გამოდის. ამ მიზეზით ქვაბში მაღალი წნევა და ტემპერატურაა, ხოლო რადგან სურსათი ჰაერზე არ მზადდება, ბოსტნეული კერძებში ხასხასა ფერს ინარჩუნებს.
„შემწვარი წიწილის ორდენი"
ჰარლანდის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი მოვლენა 1935 წელს მოხდა, როცა შტატის გუბერნატორმა რუბი ლაფუნმა მას „კენტუკელი პოლკოვნიკების ორდენი" მიანიჭა, შტატის წინაშე დამსახურებისთვის. მართლაც, ყველას შტატის „ეროვნული კერძი" - სანდერსის ვარიები ეკერა პირზე (იგივე საპატიო წოდება მან მეორედაც მიიღო, 1950 წელს, იმავე შტატის სხვა გუბერნატორისგან). დადგა დრო, სანდერსს თავისი სახელიანი ბიზნესი ავტოსახელოსნოსგან გაემიჯნა. 1937 წელს მან გახსნა მოტელი (ავტომფლობლებზე მისადაგებული იაფი სასტუმრო) Sanders Court & Cafe, რომელიც, იმავდროულად, სწრაფი მომსახურების დამოუკიდებელი რესტორანიც იყო. თუმცა „მაკდონალდსთან" შედარება სწორი არ იქნებოდა, რადგან ჰარლანდთან კერძის მომზადებას მაინც სჭირდებოდა 10-15 წუთი. ასე რომ, სრულფასოვან სწრაფი კვების ობიექტსაც ვერ უწოდებდით. აწ უკვე პოლკოვნიკად წოდებულმა სანდერსმა გადაწყვიტა, შესაფერისად, ანუ კლასიკურად შემოსილიყო - თეთრი კოსტიუმითა და შავი პეპელა-ბაფთით. სწორედ ასეა იგი გამოსახული კომპანია KFC-ს ლოგოზე. სანდერსის სახება სწრაფად დამკვიდრდა უბრალო ამერიკელებს შორის, ვინც „პოლკოვნიკის" უპრეტენზიო დაწესებულება შეიყვარა. იმ წლებში სანდერსი შეკვეთებსა და ფულის თვლას ვერ აუდიოდა. ეს უკვე წარმატება იყო.თუმცა დროდადრო პრობლემებიც იჩენდა თავს - მიწოდების მხრივ, ტექნიკური თვალსაზრისით. ერთ დღეს სანდერსის მოტელი ცეცხლმაც კი შთანთქა. მაგრამ იყო ფული, რის წყალობითაც რამდენიმე თვეში შენობაც წამოჭიმა და საქმიანობაც განაახლა. უნდა ითქვას, რომ მაშინ უკვე შტატის ხელისუფლებაც ცდილობდა დახმარებას. ხუმრობა ხომ არ იყო - სანდერსის ვარიკები კენტუკის ღირსშესანიშნაობად ქცეულიყო, ყოველ შემთხვევაში, სხვა ამერიკელების თვალში... 1952 წელს შეიქმნა კომპანია Kentucky Fried Chicken-ი და მას დღესაც ეს სახელი ჰქვია, თუმცა ბრენდს 1961 წლიდან აბრევიატურა KFC-ით იხსენიებენ.
სხვა გზა
მაგრამ წუთისოფელს ხანგრძლივად ვინ გაუხარებია? 50-იან წლებში დასრულდა 75-ე ფედერალური მაგისტრალის მშენებლობა და ფლორიდისკენ მიმავალმა მთავარმა გზამაც იქითკენ გადაინაცვლა. სანდერსის რესტორანი თვალს მოეფარა, მუშტრები მკვეთრად შემცირდა, ერთ დროს წარმატებული ბიზნესი თავქვე დაეშვა. როცა ჰარლანდმა 60-ს გადააბიჯა, მისი ფინანსური მდგრადობა კვლავ შეირყა. რაკი საკუთარ რესტორანს ფლობდა, ამიტომ მდიდარი არ ეთქმოდა, თუმცა გაჭირვებითაც არ უჭირდა. საქმეებიდან დასვენება, მით უფრო უფულოდ, სანდერსმა ვერ გარისკა.
გვარიანი ფიქრის შემდეგ ჰარლანდმა დაასკვნა, რომ შეიძლებოდა, თავისი „სახელოვანი" ვარიკები სხვა რესტორნებისთვის მიეყიდა. ასე დაიწყო მისი მოგზაურობა შტატიდან შტატში, რესტორნიდან რესტორანში, სადაც პოტენციურ დამკვეთებს თავის დაბრაწულ ვარიებსა და სანელებლებზე უყვებოდა. კარგა ხანი გავიდა, ვიდრე პოლკოვნიკი პირველ შემკვეთს იპოვიდა. ფრანჩაიზინგული ხელშეკრულების პირობების თანახმად, თითო წიწილაზე სანდერსი 5 ცენტს იღებდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაკვეთები დღითი დღე ემატებდა, პირობას არა უშავდა. 60-იანი წლების დასაწყისში ჰარლანდის ფრანშიზით აშშ-სა და კანადაში 400-მდე რესტორანი გაიხსნა.
რამდენიმე წელიწადში Kentucky Fried Chicken-მა წარმატების მწვერვალს მიაღწია და 1964 წელს ბებერმა პოლკოვნიკმა გადაწყვიტა, კერძო ინვესტორებისთვის მიეყიდა თავისი ქმნილება, რომელიც უკვე 600-მდე რესტორანს ითვლიდა. ამ გარიგებით მან $2 მილიონი მიიღო ნაღდი ფულით, აგრეთვე კომპანიის წარმომადგენლის თანამდებობა. არსებითად, ის ბრენდის სახე იყო, რისთვისაც წელიწადში კიდევ $250 ათასს უხდიდნენ. ის უნდა შეხვედროდა პრესას, კლიენტებს, თანამშრომლებს. მოკლედ, ბიზნესის მარკეტინგზე უნდა ეზრუნა.
ჰარლანდ სანდერსი 90 წლის ასაკში, 1980 წელს გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის დიდ დროს უთმობდა საკუთარ თავს - მოგზაურობდა, თამაშობდა გოლფს და საკუთარ რესტორანსაც მართავდა. KFC-ი კი აღარ მოსწონდა, რადგან მიაჩნდა, რომ დაბალ ფასებსა და სისწრაფეს გამოკიდებული კომპანიის მფლობელები კომპრომისზე წავიდნენ წიწილების ხარისხის საკითხში. კომპანიის ისტორია ჰარლანდთან ერთად არ დასრულებულა. ფირმა თავის დროზე ცნობილმა Pepsi Co-მ იყიდა. დღეს KFC-ს მფლობელია კომპანია Yum! Brands-ი, რომელსაც ეკუთვნის ასევე Pizza Hat-ისა და Taco Bell-ის ბრენდები. პოლკოვნიკის დაარსებული ბრენდით რესტორნების ქსელი 135-ზე მეტ ქვეყანაშია განფენილი, 23 ათასზე მეტი სავაჭრო წერტილი დღეში 12 მილიონ მუშტარს ემსახურება, ხოლო მთავარი ოფისი კვლავაც კენტუკის შტატში, ლუისვილშია. მეპატრონე ფირმა Yum! Brands-ი კი "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში 605-ე ადგილზე იყო, 2019 წლის რეიტინგში კი 949-ე ადგილზეა.
გამოყენებულია „ეკოპალიტრის" მასალები