ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ წარმოადგინა იმ საათის დიზაინი, რომლის წარმოებასაც საქართველოში გეგმავს. საათის დიზაინის ამსახველი ვიდეო ციკოლიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
„წარმოგიდგენთ პირველი საათის ნიმუშს - DESIGNED AND ASSEMBLED IN GEORGIA. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯები საათების საქართველოში საწარმოებლად. შვეიცარული ავტომატური მექანიზმი Sellita SW200; საფირონის მინა 5 ატმ ჰერმენტულობით; 46მმ-იანი უჟანგავი ფოლადის ბუდით და ორიგინალური ციფერბლატით,“- წერს ციკოლია.
შეგახსენებთ, რომ ციკოლიამ საქართველოში საათების წარმოების გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსთან“ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში ისაუბრა. მისი თქმით, „აქვს ამბიცია, რომ შვეიცარულზე უკეთესი საათების დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია“. როგორც მაშინ დიზაინერი აცხადებდა, ამისთვის ძალიან დიდი თანხაა საჭირო და იმ პერიოდში ინვესტიციების მოძიების პროცესში იყო.
ზვიად ციკოლიამ საათების კერძო კომპანია „UNIQ“ 2011 წელს დააარსა, რომლის ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებულია შვეიცარიაში. 2015 წლიდან კი საათები მისი გვარით TSIKOLIA – გამოდის.
საათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო. ყოველი მოდელი უნიკალურია და იმ საავტომობილო საშუალებების, თვითმფრინავებისა თუ გემების სახელობისაა, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.