„10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება“.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც ცნობილია, 2019 წელს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. ჩვენ ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ - ეს იყო კოტე აფხაზის ქუჩა, ასევე ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია. ხოლო შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდეს, არის ბარათაშვილის ქუჩა. ქუჩაზე განთავსდება ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ინფორმაციის მიღება. ამასთან, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება იქნება უფასო. ამისთვის მათ უნდა მიმართონ თუნდაც, იქ მდებარე საინფორმაციო ჯიხურებს, საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ და მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე უფასოა შშმ პირებისთვის და ელექტრომობილის მფლობელებისთვის. ხოლო სხვა პირებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზე 10 მარტიდან პარკირება იქნება ფასიანი,“-განაცხადა კალაძემ.