კონკურენციის სააგენტო 2020 წლის 1-ელ კვარტალში 3 სექტორის მონიტორინგს დაასრულებს - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სამიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ, რითეილის სექტორი იქნება.
„სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე 7 ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს. ესენია - ფარმაციის, ნავთობის, პურ-პროდუქტების, სიგარეტის, რითეილის სექტორის, ბავშვთა კვებისა და ავტოდაზღვევის მიმართულებები. ზოგი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და 2020 წლის 1-ელ კვარტალში რამდენიმე მათგანზე დავასრულებთ მონიტორინგს. შემიძლია ვთქვა, რომ 1-ელ კვარტალში, ამ 7-დან 3-ზე საბოლოო სურათები გვექნება და ერთ-ერთი სავარაუდოდ, რითეილის სექტორი იქნება. ამასთან, მინდა შეგახსენოთ, რომ სააგენტო აწარმოებს ორი მოკვლევის პროცესს, რომლის შედეგებიც ასევე ძალიან მალე იქნება ალბათ ცნობილი,“-განაცხადა ლექვინაძემ.