ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შედეგად, 26 რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს.
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა რამდენი რეისი გაუქმდა აღნიშნული შეზღუდვის შედეგად.
სააგენტოს განცხადებით, "ზამთრის საავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანიას უნდა შეესრულებინა 26 რეისი".
ცნობისთვის, პირდაპირი ფრენების შეზღუდვა იმოქმედებს 2020 წლის 29 მარტამდე. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადაიხედოს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.