კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ათივე რაიონში მდებარე სერვისცენტრებში მიიღონ ის სერვისები, რასაც ცენტრალურ სერვისცენტრში იღებდნენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან თბილისის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ათივე რაიონში მდებარე სერვისცენტრებში მიიღონ ყველა ის სერვისი, რასაც დედაქალაქის ცენტრალურ სერვისცენტრში იღებდნენ. შესაბამისი განცხადება კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მოგეხსენებათ, თბილისის მერია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურაა. პრაქტიკულად, მერიის საქმიანობის 80%-ს მუნიციპალური სერვისები წარმოადგენს. მოქალაქეთა მომართვიანობა მომსახურების ცენტრებში დღის განმავლობაში 2500-3000 ადამიანს აღწევს. ასევე ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ჩემმა გუნდმა მოსვლისთანავე წამოიწყო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა: სერვისცენტრები პრაქტიკულად არ არსებობდა. გამგეობებში შეზღუდული მოცულობით გაიწეოდა მოქალაქეებისთვის მომსახურება, მხოლოდ რაიონის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მომსახურება გამგეობებიდან გამოვიტანეთ და ერთი ქუდის ქვეშ შევქმენით სერვისცენტრები. ნებისმიერი სერვისი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში, უკვე დღეიდან შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ სერვისცენტრში, ათივე რაიონში. გარდა იმისა, რომ სისტემური რეფორმა განხორციელდა, დაიწყო სერვისცენტრების რეაბილიტაცია”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ დაასრულა 8 სერვისცენტრის რეაბილიტაცია. ხოლო საბურთალოს რაიონის გამგეობაში არაა შესაბამისი სივრცე, ამიტომ სხვა ფართი შეირჩევა ამისთვის. ამასთან, კალაძის ინფორმაციით, კრწანისის გამგეობას შენობა არ აქვს და ახლა იწყება მისი მშენებლობა, სადაც გათვალისწინებულია სერვისცენტრი.

„ამ რეფორმის შედეგად შექმნილია მოქალაქეზე ორიენტირებული გარემო, მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, მოწყობილია ტაქტილური ბილიკები და შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით. მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომ რაიონულ სერვისცენტრებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 9:00-დან 18:00 საათამდე“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.