2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 116100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ. ამის შესახებ საზოგადოება და ბანკების ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვაშია აღნიშნული.
დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6147.77 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6060 მილიონიდან 6147.77 მილიონ ლარამდე.
"116100 ხელშეკრულებიდან 32800 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 789 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 15.30% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 43100 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.63%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1933.95 მილიონი ლარია.
36400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3186.55 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1095.85 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.13%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 2090.70 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.89%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.465 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.97%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 78.174 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 იანვრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.15%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2643.44 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 12.49%-მდეა გაზრდილი.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იგივე ნიშნულზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო. ეროვნული ბანკის განცხადებით, ის თანდათან დაიწყებდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, მას შემდეგ რაც ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი შესუსტდებოდა. ვინაიდან, იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი უცნობია, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია მარეგულირებლის მხრიდან მკვეთრი ზომებისგან თავის შეკავება. თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის ეფექტი 2020 წელს ინფლაციაზე გავლენას აღარ ახდენს, ლარის გაცვლითი კურსი კი ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ძლიერი რყევებით არ გამოირჩევა. ასევე, დადებითია საგარეო ფაქტორების დინამიკა (გაზრდილია ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები)",- აღნიშულია მიმოხილავში.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკი თანდათან დაიწყებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, თუმცა მნიშვნელოვანია იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებლის მონიტორინგი, თუ რამდენად ახლოს იქნება 2020 წლის სამიზნე მაჩვენებელთან და შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა.