დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილების ძალა - კობა გვენეტაძე მისო-ების შემცირებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“.

ცნობისათვის, 2019 წელს საქართველოში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 19 ერთეულით შემცირდა. დღეს საქართველოში 48 მისო ოპერირებს.

როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი რეგულაციების შემოღება.

„90-იან წლებში 200-ზე მეტი ბანკი იყო საქართველოში. დღეს გვაქვს 15 კომერციული ბანკი, რაც არ ნიშნავს, რომ დღევანდელი საბანკო სექტორის კონტრიბუცია ნაკლებია, ვიდრე მანამდე არსებული 200 ბანკის.

ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, მიკროსაფინანსო სისტემა იზრდებოდა, ეს ზრდა იყო არაჯანსაღი და აგროვებდა ძალიან ბევრ რისკს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი ზომები რეგულაციასთან დაკავშირებით.

ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც ვერ შეძლეს საზედამხედველო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც შედარებით მსუბუქია საბანკო სექტორთან მიმართებაში არსებულზე, დატოვეს ბაზარი და დარჩებიან ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილების ძალა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმ მიკროსაფინანსო ან არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც სახსრებს მოსახლეობისგან მოიზიდავდნენ და რამდენადაც არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, ამ მოზიდული სახსრების დაკარგვის დიდი რისკი არსებობდა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიანობას, ქვეყნის მთავარი ბანკირის განმარტებით, 2018 წელს მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგება 31 მილიონი ლარი იყო, ამასთან ერთი მიკროსაფინანსო კომპანიის ფინანსური შედეგის გამორიცხვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური მოგება 2019 წელს 42 მილიონი ლარია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

„ბევრჯერ ვნახე ინფორმაცია, რომ 2019 წელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ზარალით დამთავრდა. ეს შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურად სწორი ინფორმაციაა, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ამის მიზეზი არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა დიდი ზარალი.

საკრედიტო პორტფელი ზრდადია და ზრდის ტემპი 6%-ია. ზედამხედველობის დაწყებამ სექტორის გაჯანსაღებას და სანდოობის ზრდას შეუწყო ხელი“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მარიამ ტიტვინიძე