სპორტის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი.

მემორანდუმის მიზანია სამინისტროსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

მემორანდუმის თანახმად: 1. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) სააგენტოსთან ერთად სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობების დაგეგმვა-მომზადებას და მათში მონაწილეობის მიღებას; ბ) სამინისტროში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებს (მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებზე "ქართული სახლების" მოწყობის შემთხვევაში, შესაბამისი მიღებების გამართვისას) და შეხვედრებზე (თემატურად შესაბამისობის შემთხვევაში) ქართული ღვინის წარდგენასა და პოპულარიზაციას. 2. სააგენტო უზრუნველყოფს: ა) სამინისტროსათვის ქართული ღვინის მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის, ბრენდ-ბუქის, ბრენდპლათფორმისა და კორპორაციული სტილის გაცნობას; ბ) სამინისტროსათვის საპრომოციო მასალის გადაცემას.

მემორანდუმს ხელი 13:00 საათზე მოეწერება.