დონორთა დახმარება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა კონფერენციის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ფორუმის შემდეგ, სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, საუბარი იყო ექვს ძირითად სამუშაო ჯგუფზე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ორ წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ჩავატარეთ ფორუმი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ და დონორებისთვის საინტერესო კითხვებზე სცემდნენ პასუხს. ფორუმი თითქმის ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო. თითქმის ყველა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და განხილული იქნა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო სამოქმედო გეგმით არის გაწერილი და 2020 წლისთვის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. დღევანდელ ფორუმზეც, ისევე, როგორც ფორუმის შემდგომ თემატური შეხვედრების ფორმატში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ჩვენი მიზანი იყო, დონორების დახმარების მიმართულებით კოორდინაცია გაზრდილიყო მაქსიმალურად, იმისთვის, რომ ის საგარეო დახმარება, რომელსაც კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებში დონორი ორგანიზაციები დებენ, მიზნობრივად იყოს გამოყენებული და არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია თითოეულ სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის.
დღევანდელ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ფორუმის შემდეგ გაიმართა და მას სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, საუბარი იქნება ექვს ძირითად სამუშაო ჯგუფზე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში გაიმართება და უკვე კონკრეტულად სამინისტროებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყნის საჭიროებებზე ისაუბრებენ და კონკრეტულად განისაზღვრება, რა მიმართულებით არის საჭირო დონორთა დახმარება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან წლების განმავლობაში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ. მხოლოდ 2018 წელს 7 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას დონორმა ორგანიზაციებმა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ ფორუმზე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან და მთავრობის პრიორიტეტებთან.
„გაჟღერდა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან და მთავრობის პრიორიტეტებთან, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებისას ისაუბრა. საუბარი იყო უსაფრთხოების პრიორიტეტულობაზე - როგორც საგარეო, ისე საშინაო უსაფრთხოებაზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც დონორებთან ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილებია. აქ იგულისხმება, როგორც ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ჩვენ დონორებს დახმარება ვთხოვეთ 2020 წელს. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს განათლების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა და არა ფრაგმენტული, განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ განათლებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.