მინისტრები ანაბრების გარეშე - რა ვალუტაში ფლობენ თანხებს ქართველი ჩინოვნიკები

მოქმედი მინისტრების უმეტესობა კომერციულ ბანკებში ანაბრებს არ ფლობს.

როგორც მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, საბანკო დანაზოგი 12 უწყების 7 ხელმძღვანელს არ აქვს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, მოქმედი მინისტრების ანაბრების შესახებ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის მაისში აქვს შევსებული. დოკუმენტის მიხედვით, მინისტრი დოკუმენტის შევსების მომენტში არც საქართველოში და არც უცხოეთში ანაბარს არ ფლობდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დეკლარაცია გასული წლის იანვარში შეავსო. დოკუმენტის შევსების მომენტში მინისტრი „თიბისი ბანკის“ ანბარზე - 2 269,18 დოლარს და 5,01 ევროს ფლობდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - დეკლარაცია გასული წლის სექტემბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მინისტრი „თიბისი ბანკის“ ანაბარზე - 105,6 დოლარს ფლობდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დეკლარაცია გასული წლის ნოემბერში შეავსო. დოკუმენტის შევსების მომენტში მინისტრი ანაბარს არ ფლობდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - დეკლარაცია 2019 წლის იანვარში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მინისტრი ანაბარზე თანხას ასევე არ ფლობდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - დეკლარაცია გასული წლის იანვარში შეავსო. დოკუმენტის მიხევდით, მინისტრი ფლობდა მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ საბავშვო ანაბარზე - 3 600 ლარს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ეკატერინა ტიკარაძე - ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის აგვისტოში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მას „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 7 218 ლარი ჰქონდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის თებერვალში შეავსო. მინისტრი დოკუმენტის შევსების მომენტში ანაბარს არ ფლობდა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი - ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის ოქტომბერში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილს ბანკში ანაბარი გახსნილი არ ჰქონია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - დეკლარაცია გასული წლის ივნისში შეავსო, როდესაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. დოკუმენტის შევსების მომენტში ვახტანგ გომელაური ანაბარს არ ფლობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშილი - ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის თებერვალში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მინისტრს საქართველოს „ბანკის ანაბარზე“ 628,84 ლარი ჰქონდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის იანვარში შეავსო, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტის შევსების მომენტში, ის ანაბარს არ ფლობდა.

ნინი ქეთელაური