მთავრობა საპრივატიზაციოდ სასარგებლო წიაღისეულის 100 საბადოს გამოიტანს

ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას, რაც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით, 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ პროექტზე „100 შეთავაზება ბიზნესს“ საუბრისას განაცხადა, მთავრობის ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში.

„ამ ინიციატივასთან ერთად („100 შეთავაზება ბიზნესს“) ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს იგივე მიდგომას სასარგებლო წიაღისეულის, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზების ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით, 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი იდენტიფიცირება“, - განაცხადა გახარიამ.