Boeing-ი 22 წლის შემდეგ ზარალზე პირველად გავიდა

ამერიკულმა უმსხვილესმა კომპანიამ Boeing-მა მისი შემოსავლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ პირველად 1997 წლის შემდეგ კომპანიამ ფინანსური დანაკარგები განიცადა. საუბარია 636 მილიონი დოლარის ზარალზე, რომელიც კომპანიას 737 Max ლაინერის გამო გამოწვეული კრიზისის შედეგად მიადგა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში Boeing-ის სუფთა შემოსავლები 24%-ით შემცირდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე 10,5 მილიარდი დოლარი იყო. საერთო შემოსავლებმა 2019 წელს 76,559 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს 101,127 მილიარდი იყო. წაგებაშია საოპერაციო შემოსავლებიც - მან 1,975 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს 11,987 მილიარდი დოლარი იყო. ამასთან, შეუსრულებელი შეკვეთების პორტფელის მოცულობა შეადგენს 463 მილიარდ დოლარს.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არა მხოლოდ გაყიდვების შემცირების გამო გაუარესდა, არამედ ამის მიზეზი გახდა კომპენსაციის გადახდა ორი ავიაკატასტროფის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.

როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა განიცადა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომლის შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზეზი იყო მანევრირების გაუმჯობესების სისტემის (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS) მწყობრიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.

კოკა კვირკველია