აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა, დღეში 8 საათით შეეზღუდოს

„ენგურჰესის“ წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით უკვე რამდენიმე დღეა მიეწოდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, შეზღუდვა 27 იანვრიდან მოქმედებს, და აფხაზეთს დილის და საღამოს საათებში ელექტროენერგიის მიწოდება 2-2 საათით ეზღუდება. ამასთან, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეზღუდვა წყალდიდობამდე ანუ აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება.

მეტიც, მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან არ მიიღებს, შეზღუდვა, შესაძლოა, დღეში 4 საათიდან 8 საათამდეც გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, საქართველო აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. ეს კი მაშინ, როცა ზოგჯერ, განსაკუთრებით ზამთარში, თავად უწევს ელექტროენერგიის ყიდვა. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ზამთრის პერიოდში მცირეწყლიანი სეზონისა და აფხაზეთში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების გამო, რეგიონს დენი გრაფიკით მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, განსაკუთრებით ზამთარში, თითქმის 90-100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება. 2019 წელს ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავდა 4 027 600 000 კვტ./სთ ელექტროენერგია, აქედან, 2 059 900 000 კვტ./სთ ელექტროენერგია აფხაზეთმა წაიღო. გასული წლის მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში კი ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული 452 537 000 ლვტ./სთ ელექტროენერგიიდან, აფხაზეთისთვის მიწოდებამ - 448 164 000 კვტ/სთ შეადგინა.

თაია არდოტელი