საქართველოში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა 5,3%-ით გაიზარდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს გაცემულია 10 749 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტი) 7 552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 21,7 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი თბილისზე, 11,7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და 10,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი თბილისზე, 14,1 პროცენტი - კახეთის, ხოლო 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 547,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით მეტი) 2 508 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლები),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი