პროექტის „100 შეთავაზება ბიზნესს“ დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ამ პროგრამიდან უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში.
„ახალი ინიციატივა, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ეს არის ჩვენი 100 საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესს, შემდგომი ეტაპი, გაფართოებაა. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის შემოდგომაზე ეკონომიკის სამინისტრომ დავიწყეთ ახალი პროგრამა „100 შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და სულ მცირე 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება მუდმივად, რაზეც შეთავაზებული აქვს ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასახვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით. პირველმა ეტაპმა ამ პროცესის გვიჩვენა, რომ საკმაოდ წარმატებული ინციატივა არის. ამის დასტურად გეტყვით იმას, რომ უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამიდან. ასევე მნიშვნელოანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან, რომ გავაფართოვოთ პროგრამის არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც. ეს აუქციონები დღემდე ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად 100 პარალელური აუქციონი მომზადდება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
მუდმივად იქნება 100 ახალი წიაღისეულის აუქციონი გამართული და იქნება იგივე გამჭვირვალობის დონე, იქნება აუცილებლად ის ვალდებულება, რომ წიაღისეული გადამუშავდეს. ანუ ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში და ხდებოდეს არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება. ამ გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული დარგში, მათ შორის პირველ რიგში გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუქციონი სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, რა საინვესტიციო პროექტებიც იქნება გამოტანილი აუქციონზე, მათთვის უფრო მაღალი მოთხოვნა დაწესდება ეკოლოგიის და გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის მაღალი სტანდარტის თვალსაზრისით.