გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა, - აღნიშნული პრობლემის შესახებ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ დღეს, რუსთავში რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისივე თქმით, 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი.
„ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100% და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას.
კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე, ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში.
ამავდროულად, მიუხედავად მცდელობისა, კომპანია ვერ ახერხებს, მესტიის რაიონში განახორციელოს საბალანსო აღრიცხვის წრედების დამონტაჟება, რაც მარტივად უზრუნველჰყოფდა გაზრდილი მოხმარების კონტროლს და ქსელზე არალეგალურად მიერთებული მომხმარებლების გამოვლენას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ კომპანია განაგრძობს ანალიზს, დაკვირვებას და კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლისა თუ მასშტაბური ავარიების პრევენციის მიზნით. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გეგმას იმის შესახებ თუ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, გამოვლინდეს ყველა არაკეთილსინდისიერი მომხმარებელი, რომელთა მავნებლურმა ქმედებებმაც, უკვე სერიოზული ზიანი მიაყენეს ზემო სვანეთის მკვებავ ქსელს, რეგიონი გაწირეს ჩაბნელებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენეს დასახლებული პუნქტების ელექტრომომარაგება.
დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოვახდინეთ რისკის იდენტიფიცირება, გაზრდილი მოხმარების გაანალიზება და ადგილობრივი სამართალდამცველ სტრუქტურებთან კოორდინირებული ქმედებების შედეგად, უკვე აღმოჩენილია არაერთი მსხილი დატაცების ფაქტი, თუმცა კიდევ ბევრი ლოკაციაა, სადაც არსებობს მსგავსი პრობლემა და დაწყებული პროცესის გაგრძელდება კრიტიკულად აუცილებელია.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრიზისიდან უკვე გამოვედით, რეგიონი სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საკურორტო სეზონი, თუმცა მდგომარეობის სრულად დასტაბილურებას კიდევ სჭირდება მოქმედება. აუცილებლად მოწესრიგდება ყველა კომერციული მომხმარებლის მრიცხველი, აგრეთვე განხორციელედება საბალანსო აღრიცხვის წრედების მონტაჟი სატრანსფორტმატორო პუნქტებზე, რათა მომავალში უფრო მარტივად მოხდეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი თუ კომრციული ორგანიზაციების მიერ არალეგალური მოხმარების აღმოჩენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება“, - აღინიშნა პრესკონფერენციაზე.
ინფორმაციისთვის, „ენერგო-პრო ჯგუფი“ უკვე 13 წელია, სრულად საკუთარი დაფინანსებით, უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას ზემო სვანეთის მოსახლეობას, ამ წლების განმავლობაში უკვე უსასყიდლოდ მიწოდებულია 588 მილიონი კვტ/სთ, რომლის ღირებულება დაახლეობით 50 მილიონ ლარს აჭარბებს. ხაზგასასმელია, რომ ყოველი მიწოდებული კილოვატსაათი კომპანიის მიერ შეისყიდულია სხვადასხვა მომწოდებლისგან, გადახდილია ყველა მოსაკრებელი და გადასახადები.