გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „იაფი ფულის“ დაპირება, სოფლის მეურნეობის დარგში ნამდვილად შესრულდა.
ამის შესახებ დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც მისი თქმით, სესხები 1%,2% და 3%-ად გაიცემა, ხშირ შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია და სესხები პრაქტიკულად უფასოდ გაიცემა.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. 2013 წლიდან არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსებაა გაცემული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.