საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. 2019 წელთან შედარებით, განახლებული კალათა შემცირებულია 1 პროდუქტით და მოიცავს 305 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას.
გასული წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 2 და დაემატა 1 პროდუქტი.
ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას.
2020 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს. განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.
განახლებული სამომხმარებლო კალათა იხილეთ საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: