საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ძლიერდება. უწყების ცნობით, დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება.
როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აღნიშნა კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექციის განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილება და მანდატი.
„აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტურობას, განსაზღვრავს ინსპექციის საქმიანობის ძირითად დებულებას და მიმართულებებს. მოგვცემს საშუალებას შევქმნათ რეგიონალური წარმომადგენლობა, რაც კანონის უფრო ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით. პერიოდულად მოხდება სტრატეგიის განხორციელების შეფასება, მონიტორინგი და მთელი წლის პროცესის დაგეგმვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე თქმით, დამტკიცდა და დღეს გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანება, რომელიც რისკის შეფასების წესს შეეხება. ბრძანება ითვალისწინებს საწარმოო ორგანიზაციებში და ნებისმიერ დაწესებულებაში რისკის შეფასების ერთიან წესს, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, მეორე მხრივ, დაეხმარება დამსაქმებელს და დასაქმებულს იმისთვის, რომ ეფექტურად დაიცვან უსაფრთხოების ნომრები, შეაფასონ საფრთხე და მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.