გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 45 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 130 ათას ჰა-მდე (2019 წ.), ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 39,5 ათას ჰექტარამდე გაიზარდა.
როგორც სამინისტროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, სარეაბილიტაციო პროგრამით კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 31 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 58 კმ საირიგაციო და 77 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 860 კმ არხი და შეკეთდა 2700 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
2019 წელს, ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა სიღნაღის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ისეთ სოფლებს, სადაც 20-30 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.
„სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მნიშვნელოვნად განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, გაზრდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობას, რაც მეტ შემოსავალს და სარგებელს მისცემს თითოეულ ფერმერსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანს“, - აღინიშნა შემაჯამებელ ღონისძიებაზე.