"უცხოელ ინვესტორთა ინტერესის სფერო არა მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობაა, არამედ დასაქმების ხელმისაწვდომობაც"

სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაგდა ბოლოთაშვილის განცხადებით, დასაქმების ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია როგორც სერვისის მიწოდება, ასევე პროდუქციის წარმოება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობა პროფესიული განათლების რეფორმირების პროცესში განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იგი ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციაა და ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ბიზნესს.

,,ქვეყანაში გვაქვს უმუშევრობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ დასაქმების მსურველები და ასევე დამსაქმებლებიც, ეს გამოწვევა გამოწვევად რჩება, რადგან დამსაქმებელთა მოთხოვნებს არ შეესაბამება სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაცია. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არის, რადგან ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე ამ გამოწვევას ვერ დავძლევთ. ბიზნესმა კარგად იცის რა სჭირდება მას. შესაბამისად, თუ ბიზნესმა არ განსაზღვრა თავისი საჭიროებები, შედეგებსაც ვერ მიიღებს’’.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი წარმატებული მაგალითი ბოლო წლების განმავლობაში სასურველი შედეგები პროფესიული განათლების კუთხით მაინც არ გვაქვს.

,,რიგ შემთხვევებში იმის გამო, რომ სასურველი ხარისხის შედეგების მიღება ვერ ხდება, ბიზნესს, თავისი პროფილით მუშაობის გარდა უწევს განათლების სფეროში შესვლაც, კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართებული და ეფექტიანი. რეალურად, კარგად უნდა მოხდეს ბიზნესის ინტერესების იდენტიფიცირება არა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, არამედ უნდა გავარკვიოთ რა საჭიროებები იქნება სამი, ოთხი წლის შემდეგ. რადგან თუ არ დავიწყებთ ამ საკითხზე რეაგირებას, ეს დისბალანსი შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ კიდეც უფრო გაიზარდოს’’.

მაგდა ბოლოთაშვილი ამ პროცესში სავაჭრო-სამრეწველო პალატის, როგორც მაკოორდინებელი სუბიექტის როლზეც საუბრობს. ,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ერთ რეგიონში წარმოდგენილი. პალატას ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თავის წარმომადგენლობა, შესაბამისად კერძო სექტორს საჭიროებების იდენტიფიცირება შეგვიძლია ქვეყნის მასშტაბით.

მისივე განცხადებით, ტურიზმის სექტორში ტურიზმის ასოციაციასთან და GIZ-თან ერთად უკვე ჩატარდა კვლევა და მოხდა იმ უნარების და ცოდნის იდენტიფიცირება, რაც ამ სფეროში არსებულ კომპანიებში იყო შედარებით დეფიციტური.

სავაჭრო-სამრეწველო პალატა გეგმავს უფრო დიდი მასშტაბის კვლევის ჩატარებას, იმისთვის, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ბეზნეს სექტორებში დეფიციტური კომპეტენციების თაობაზე.