გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგების შეჯამებისას ხაზი გაუსვა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას.
როგორც სამინისტროში ამბობენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული საქმიანობის შედეგად, ბაზარზე ვითარება გაჯანსაღდა, დაინერგა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტები, გაიზარდა ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობა, ამოქმედდა არაერთი რეგულაცია; შესაბამისად, ქართული კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროსტანდარტებს, რაც დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე.
უწყების ცნობით, 2019 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30 400 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; ლაბორატორიული კვლევისთვის აიღო სურსათის/სასმელი წყლის 5 158 ნიმუში/სინჯი. გამოვლინდა 4 675 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელსაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, მავნედ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან ამოღება-განადგურება, საწარმოო პროცესის შეჩერება და სხვ.