გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, მნიშვნელოვნად ფართოვდება დაცული ტერიტორიები, ინერგება კვლევის და აღდგენის მეთოდოლოგიები, ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო აღიარებების მოპოვება , - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 70 144 ჰა-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს დაგეგმილია დაცული ტერიტორიების, მინიმუმ, 100 000 ჰა-ით გაფართოება. გაფართოების პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოთხი დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს. ამ ტერიტორიების უნიკალურობის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ეკოტურიზმის განვითარებას.
გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარებას განაგრძობს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას.
მისივე ინფორმაციით, 2019 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო და საერთო ჯამში 2 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წელს, დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრების, 100 კმ-მდე ბილიკის და, მინიმუმ, 10 კოტეჯის მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ჯამში, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.