LG რეკორდულ გაყიდვებზე იტყობინება

სამხრეთ-კორეული კომპანია LG 2019 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რეკორდულად მაღალი - 59 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაუგროვდა.

ამავე დროს მისი საოპერაციო შემოსავლები 2,07 მილიარდით განისაზღვრა, რაც 10%-იანი კლებაა 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ამას კომპანია მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტიციებითა და მარკეტინგისთვის გაწეული თანხებით ხსნის.

კომპანიისთვის მთავარი შემოსავლის წყარო იყო განყოფილება LG Home Appliance & Air Solution Company. მასზე კომპანიის შემოსავლების მესამედი - 18,29 მილიარდი და ოპერაციული მოგების მეტი წილიც - 1,7 მილიარდი მოდის.

თუმცა, კომპანიას კვლავ ძალიან უჭირს მობილურების განყოფილებაში LG Mobile Communications Company-ს წლიურმა შემოსავალმა 5,07 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა, ის 858,34 მილიონი დოლარის წაგებაზეა, ეს კი პირველ რიგში ძვირადღირებულმა მარკეტინგმა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, კომპანია 2020 წელს იმედით უყურებს, ამის მთავარი მიზეზი კი მისი პირველი 5G სმარტფონის გამოჩენაა.

რაც შეეხება LG Vehicle Component Solutions Company-ს შემოსავლებს, მასზე 4,65 მილიარდი დოლარი მოვიდა, ის 27%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, თუმცა, აქაც 165,6 მილიონ დოლარიან წაგებაზეა საუბარი, მაგრამ აქაც იმედიანად არიან, ვინაიდან ევროპაში გამკაცრებული გარემოსდაცვითი რეგულაციების ფონზე გაიზრდება ელექტრომობილებზე მოთხოვნა, რომლის მწარმოებლებსაც ეს განყოფილება ელემენტებით და სხვა კომპონენტებით ამარაგებს.

კოკა კვირკველია