ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ წყნეთის სამთავრობო აგარაკების გასაყიდად აუქციონი ხელახლა გამოცხადდება.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წყნეთში არსებული „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა, გამოცხადდება თუ არა ახალი აუქციონი და მათ შორის გადაიხედება თუ არა გასაყიდი ფასი, რომელიც 55,710,287ლარია, მინისტრი აცხადებს, რომ მიდგომა გადაიხედება, თუმცა ფასი ადეკვატურია და "წყნეთის აგარაკების აუქციონი შედგა, თუმცა არ იყო დაინტერესება, არ შემოსულა განაცხადები ბიზნესის მხრიდან“.
„ჩვენ ახლა გარკვეულ განახლებულ მიდგომაზე ვიფიქრებთ. როგორც ჩანს, ამ ფორმით ნაკლებად საინტერესოა ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ეს ობიექტი მყისიერად გაიყიდებოდა, რადგან ბევრი კომპანია გვეკითხებოდა მის შესახებ. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ფასი ადეკვატურია, თუმცა შეიძლება ამ ლოტის ზომას გადავხედოთ. ამის შესახებ ძალიან მალე მოგაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის თამით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წყნეთის სამთავრობო რეზიდენციას სასტუმროს მოწყობის მიზნით აუქციონზე 55,710,287 ლარად ყიდდა, თუმცა ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, რის გამოც, აუქციონი არ შედგა.