ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, EBRD-მა ინტერესი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამართვაში დაეხმაროს.
როგორც მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას აღნიშნა, არის ასეთი პრაქტიკა, რომ დიდ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეხმარებიან ტენდერების ორგანიზებასა და პირობების გლობალური ინვესტორებისთვის გაცნობაში.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხრიდან საწყისი სურვილია გამოხატული, რაც ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რწმენას ამ პროექტის მიმართ. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ.
ანაკლიის პორტი ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება, მას სახელმწიფოსგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, რაც იმედს მაძლევს, რომ აუცილებლად განხორციელდება. ამაზე ის ინტერესიც მეტყველებს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ბანკები დღემდე იჩენენ პროექტის მიმართ“, - აღნიშნა მინისტრმა.
თურნავას განცხადებით, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა, „მათ შორის იმ წარუმატებლობის გამო, რაც ინვესტორმა ანაკლიის პორტის პროექტში განიცადა“.
რაც შეეხება ფოთის პორტს და „ეიპიემ ტერმინალსის" გეგმებს, მინისტრის თქმით, კომპანიასთან ხშირია შეხვედრები და მთავრობისთვის ცნობილია მათი სურვილის შესახებ, გააფართოვონ საპორტო ინფრასტრუქტურა ფოთში.
„გაუმართლებელი იქნებოდა თუ არ გვექნებოდა აქტიური კომუნიკაცია ჩვენი პორტების ხელმძღვანელებთან. მათ შორის „ეიპიემ ტერმინალსიც" ჩვენი სამინისტროს ხშირი სტუმარია",- აღნიშნა მინისტრმა.