ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე წარადგინა.
ნათია თურნავას განცხადებით, თამარ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი წელია ამ დარგის კურატორად მუშაობს.
„მინდა, წარგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე - ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალბატონი, რომელიც დარგს კარგად იცნობს. ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების“ მართვას. ჩვენ ერთად და უფრო ეფექტურად მივხედავთ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პირველი, რაც აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელთან ერთად გააკეთა, სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერება იყო.
„როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მე უკვე ვიმყოფებოდი თბილისის საერთაშორისო აერპორტში და გარკვეული შენიშვნებიც მქონდა აეროპორტის მმართველი კომპანიის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ „ტავ ჯორჯიამ“ ყურად იღო ჩვენი შენიშვნები, მიმდინარეობს რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, წესრიგდება ინტერიერი, ავეჯი და ვიმედოვნებ, რომ პროცესი უფრო სწრაფად წავა წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ პროცესს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დავალება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური დავალებაა, რომ დროულად დასრულდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება და ეს ასეც მოხდება.
მისივე განცხადებით, შემოდგომით ჩვენ გვექნება ახალი ტერმინალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ოთხჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას - ეს არის ის აეროპორტი, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში აძლევს მოგზაურობის საშუალებას.
„გარდა ამისა, პირველ რიგში, ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები, რათა უფრო კომფორტულად და უკეთესად ვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ასევე საკუთარ მოქალაქეებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალმა ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ უერთდება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. „მინდა, ამ გუნდს შევმატო ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით დავაგროვე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და ვიყოთ რეგიონში საუკეთესოები“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.