კომერციული ბანკების ფილიალები და სერვის ცენტრები  გაიზარდა - ფინანსური ბაზრის ერთი წელი

2019 წელს კომერციული ბანკების სერვის ცენტრები 43 ერთეულით, ხოლო ფილიალები 14 ერთეულით გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს ამოქმედებული რეგულაციების გამო, მოლოდინი იყო, რომ საბანკო მომსახურების ობიექტები პირიქით, შემცირდებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თუ 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით სულ 792 სერვის ცენტრი ფუქციონირებდა, 2019 წელს 835-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფილიალებს, გასული წლის დეკემბერში 149 ერთეული იყო, ხოლო 2018 წელს - 135.

ამავე მონაცემების მიხედვით, 19 ერთეულით შემცირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა. კერძოდ, 2019 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 67-დან 48 ერთეულამდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს (2018 წლის დეკემბერში - 67 ორგანიზაცია).

ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი. კერძოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი ოდენობა 2-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში 171 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა. თუ 2018 წლის დეკემბერში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1018 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 847-ს შეადგენს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ერთ წელში სესხის გამცემი 203 სუბიექტი დარეგისტრირდა. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.

ნინი ქეთელაური