"ახალი სერვის ცენტრი, სადაც მძღოლების და ლოგისტიკის მენეჯერების სერტიფიცირება მოხდება, ფონიჭალაში აშენდება და ამაზე დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი სერვის ცენტრი, სადაც მძღოლების და ლოგისტიკის მენეჯერების სერტიფიცირება მოხდება, ფონიჭალაში აშენდება და ამაზე დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება.

მინისტრის თქმით, ამ პროფესიებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ გადაწყდა ახალი ცენტრის მშენებლობა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სერვის ცენტრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც ქართველების გადამზადებას და საზღვარგარეთ დასაქმებას გულისხმობს, ნათია თურნავა ასე პასუხობს: „ეს ინიციატივა 1 წელია მზადდება და მინდა გითხრათ, რომ მაღალი მოთხოვნაა ქართველ მძღოლებსა და ლოგისტიკის მენეჯერებზე, თუმცა აბსოლუტურად თანხვედრაშია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან, რაც მიზნად ისახავს ქართველების უკეთეს დასაქმებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპაში“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, სერვის ცენტრის მშენებლობის პროცესი თებერვლიდან დაიწყება.