აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ისრაელის სახელმწიფო განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს შორის გლობალური პარტნიორობის გაძლიერებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და თანამშრომლობა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში შემოსავლების ზრდას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმს ხელი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ, ბონი გლიკმა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-სა და ისრაელს ხანგრძლივი, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი გლიკი არის ყველაზე მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც 2008 წლის შემდგომ იმყოფება საქართველოში. მისი ვიზიტი ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს პოლიტიკის მიმართ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა როგორც აშშ-თან, ისე ისრაელის სახელმწიფოსთან. დღეს გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ამერიკელი და ებრაელი ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ აგრარულ სფეროში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბონი გლიკის განცხადებით, სამმხრივი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს.
„ეს ორი სფერო არის საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ავიღოთ ჩვენი და ისრაელის ინოვაციები და მოვძებნოთ საქართველოსთვის მათ გაზიარების გზები. ამის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა და ასევე, სასოფლო-სამეურნეო ჩართულობის გაძლიერება გლობალურ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბონი გლიკმა.
„27 წლის განმავლობაში დავატრენინგეთ 1500-ზე მეტი ქართველი სხვადასხვა თემაზე. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ სამმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა, რომელიც საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს შორის გაფორმდა, რათა ამ ყველაფერს მიეცეს მუდმივი სახე. ჩვენი მიზანია, სამმხრივი თანამშრომლობა გავაფართოვოთ და გასცდეს სოფლის მეურნოების სფეროს, მოვიცვათ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა სფერო", - განაცხადა რან გიდორმა.