როკფელერების ეკოლოგიურად სუფთა ინვესტიციები

როკფელერის ოჯახის მემკვიდრეებმა, რომლებმაც უდიდესი მემკვიდრეობა ნავთობის მეშვეობით დააგროვეს, სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებული აქტივების გაყიდვა და შემოსული თანხის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში დაბანდება გადაწყვიტეს.

ძმები როკფელერების ფონდის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ორშაბათს, კლიმატის სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე განაცხადეს, რომელიც დღეს ნიუ-იორკში იმართება.

როკფელერების გარდა, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა კიდევ 180-მა ორგანიზაციამ და 650 კერძო პირმა გადაწყვიტა, საერთო თანხა 50 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ყველაფერი კი, Global Divest-Invest საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში იმართება, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ამერიკელმა სტუდენტებმა მოიფიქრეს.

ეს ეკონომიკური პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც საკუთარი აქტივების ჩადება სასარგებლო წიაღისეულიდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებში შეიძლება. 2014 წლის დასაწყისიდან, ეკოლოგიურად სუფთა პროექტებში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა ფაქტობრივად ორჯერ გაიზრდება.

ძმები როკფელერების ფონდის დირექტორმა სტივენ ჰაინცმა განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებში თანხის ინვესტიცია ნავთობმაგნატის ჯონ როკფელერის ხედვასაც ემთხვევა: ”ჩვენ დარწმუნებულები ვართ, დღეს ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, როგორც პასუხიმგებლობის მქონე ბიზნესმენი და ადამიანი, რომელიც მომავალზე ზრუნავს, ის შეაჩერებდა საკუთარ ბიზნესს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულთანაა დაკავშირებული და თანხას განახლებითი ენერგიის წყაროებში ჩადებდა".

შეგახსენებთ, რომ ფონდი ჯონ როკფელერის შვილების მიერ, 1940 წელს იყო დაარსებული და 2014 წლის ივლისისთვის, ფონდის აქტივების საერთო რაოდენობა, 860 მილიონ დოლარად ფასდებოდა. ”ჯანმრთელი პლანეტის შენარჩუნება ჩვენი მორალური ვალია” - განაცხადა როკფელერის შვილთაშვილმა ვალერი როკფელერ უეინმა, რომელიც მმართველთა ფონდის ერთ-ერთი წევრია.

სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთდღიანი სამიტი იმართება, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეძღვება. მასში მოანწილეობას მთავრობის ხელმძღვანელები და 125 ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი ღებულობს. ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის კონფერენცია, 2009 წელს კოპენჰაგენში გამართული წარუმატებელი კონფერენციის შემდეგ.

კვირას მთელ მსოფლიოში კლიმატის დაცვასთან დაკავშირებული მსვლელობები გაიმართა, რომლის მონაწილეებიც გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ.