ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც თითო ეგზემპლარად იქმნება და შვედეთსა და საფრანგეთშიც იყიდება

დიზაინერ დავით ჩხეიძის ნამუშევრებს სხვა ბრენდული საიუველირო ნაწარმისგან ერთი შეხედვითაც გამოარჩევთ.

ბრენდ „ჩხირას“ თითოეული ნაკეთობა ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იქმნება, რაც ხელოვანის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

– პროფესიით არქიტექტორი ვარ. დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ათი წელი ვმუშაობდი არქიტექტორად. იმ პერიოდში ჩემი მეგობარი მუშაობდა მინანქარში, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მინანქრის ტექნიკაში მუშაობა. რამდენჯერმე სტუმრად ვიყავი მასთან, მომეწონა ეს საქმე და მეც ჩავერთე. 1998 წელს გაიხსნა მინანქრის პირველი გალერეები. ვმონაწილეობდი გამოფენებში. სულ 4-5 კაცი ვიყავით, ვინც მინანქარში ვმუშაობდით. გალერეა „შარდენის“ თანამშრომლებმა იმ პერიოდში ჩაატარეს ორი ძალიან სერიოზული, საერთაშორისო გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა 150 ავტორი. იყო სხვადასხვა ნომინაცია. პირველ ბიენალეში გავიმარჯვე მოცულობით კომპოზიციაში, ხოლო მეორეში ავიღე საუკეთესო პრიზი სამკაულის ნომინაციაში.

2000-იანი წლების დასაწყისში ამავე გალერეის თანამშრომლებმა მოიფიქრეს, რომ გაეკეთებინათ სკოლა, სადაც ავტორები მსურველებს შევასწავლიდით მინანქარზე მუშაობას. დავთანხმდით. პირველი გაკვეთილები ჩავატარეთ მე, ზაზა ნოდიამ და პაატა პაატაშვილმა. თუმცა ამ გაკვეთილებს იმდენი დრო მიჰქონდა, ჩემს ნამუშევრებს ვეღარ ვაკეთებდი და მოგვიანებით თავი დავანებე. ამის შემდეგ ნელ-ნელა გადავერთე სამკაულის კეთებაზე, რადგან მინანქარი უკვე ნაკლებად საინტერესო გახდა. ტექნიკურად უკვე მარტივი იყო ამ სამუშაოს შესრულება და ცოტა უინტერესო გახდა ჩემთვის. მინდოდა რაღაც სიახლე, მქონდა ახლის აღმოჩენის სურვილი. ძალიან საინტერესო იყო, როცა ჩემი მოფიქრებული სამკაულის დამზადება დავიწყე. შენვე რომ აკეთებ იმას, რასაც ჩაიფიქრებ, ამას ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს.

- ყველასგან გამოირჩევა თქვენი ნამუშევარი და მისი ამოცნობა რთული არ არის. როგორ მიაგენით თქვენს ნიშას?

- სხვათა შორის, მინანქარზეც ამას მეკითხებოდნენ. ყველა იმდროინდელ მხატვარს ჰქონდა თავისი განსხვავებული ხედვა და ხელწერა. თვითონ ნახატის გრაფიკა, ტიხრების სილუეტი, ფერთა შეხამება, ეს ყველაფერი ვინც არ უნდა გიკარნახოს, მაინც რაც ტვინში გიდევს, იმას აკეთებ. ყველაფერი შენგან მოდის, ამიტომ ჩემი პალიტრა, ფერთა შეხამება, ფორმები ყოველთვის განსხვავდებოდა სხვებისგან.

- პლაგიატების მსხვერპლი თუ გამხდარხართ როდისმე?

- არა, და რატომ იცით? ნამუშევრებს ვქმნი ისეთი ტექნოლოგიით, რომ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო კოპირება. რეალურად მხატვარ-იუველირი თბილისში თითქმის არ არის. ე.წ. ოქროს ბირჟაზე, უმრავლესობამ ხელოსნის დონეზე იცის, როგორ შეადუღოს ოქროს ერთი დეტალი მეორესთან. ერთი კატალოგიდან ერთ დეტალს აიღებს, მეორე კატალოგიდან - მეორეს და რაღაც გამოუვა. რაც მე გავიარე, ის ბაზა, იგივე ხატვის, ფერწერის, ხელოვნების არ აქვთ. ჩემი პრინციპია, რომ ყოველი მომდევნო ნამუშევარი არ ჰგავდეს წინას. არასოდეს არ ვქმნი ერთნაირ ნამუშევარს. ტექნოლოგიურად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ვიზუალურად ყველა განსხვავებულია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, მივსულვარ გალერეაში და ესა თუ ის ნამუშევარი, საერთოდ არ მახსოვს, როდის გავაკეთე. ბევრი სამკაული გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემთვის აღმოჩენაა ხოლმე.

- უცხოეთშიც იყიდება თქვენი ნამუშევრები?

- შვედეთში, ერთ-ერთ გალერეაში იყიდება ჩემი ნამუშევრები. ამ ეტაპზე წარმოდგენილია 20-მდე ნამუშევარი. აგრეთვე საფრანგეთში ვთანამშრომლობთ ადგილობრივ გალერეასთან. ახალი დაარსებულია ჩვენი ბრენდი და ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ჩინელები დაინტერესდნენ ჩვენი ნამუშევრებით და გვქონდა მოლაპარაკება. ჩინელები ხომ ყველაფერს აკოპირებენ და ამრავლებენ, ამიტომ ფიქრობენ, რომ ექსკლუზიური სამკაულის და ნივთების მაღაზია კარგად იმუშავებს.

მასალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: shin.ge