თითქმის 10-წლიანი დებატების შემდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროზონის ტერიტორიაზე მობილური მოწყობილობებისთვის ადაპტერების ერთიანი სტანდარტის შემოღებას. საუბარია ყველა ტიპის სმარტფონებსა და მცირე და საშუალო ზომის მობილურ მოწყობილობებზე.
აღნიშნულის მიზანია ხელი შეეწყოს მობილური მოწყობილობების ინდუსტრიის სტადარტიზებას ერთიანი ადაპტერის ირგვლივ და ამავდროულად, ელექტრონული დანახარჯების შემცირება. ევროკავშირის განცხადებით, ყოველწლიურად 50 ტონა დანახარჯი იქმნება ამ მიმართულებით და ევროკავშირზე 12,3 ტონა მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეთანხმებულია ერთიან სტანდარტზე გადასვლა, უცნობია რა სტანდარტია ეს. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე ივლისში გამოცხადდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ კი კომპანიები ვალდებულები არ იქნებიან საკუთარი მოწყობილობები გაყიდონ ადაპტერებთან ერთად, ეს კი თავის ხმრივ, მცირედით გააიაფებს ამ პროდუქტს.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა კომპანია Apple, რომლის განცხადებითაც ერთიანი ადაპტერების შემოღება კომპანიებს არ უბიძგებდა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და თუნდაც ამ მიმართულებით კონკურენციისკენ. გარდა ამისა, კომპანიებს მოუწევთ „გადაწყობა“ და მხოლოდ ევროპისთვის ცალკე ადაპტერების შექმნა.