რა ქონებას ფლობს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თამარ არჩუაძე წარადგინა, რომელმაც გიორგი ჩოგოვაძე შეცვალა. მანამდე, თამარ არჩუაძე სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი.

როგორც მის მიერ 2019 წლის აპრილში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვითხულობთ, თამარ არჩუაძე ფლობს, 2015 წელს თეთრიწყაროს რაიონში შეძენილ საცხოვრებელ სახლს, რომლის ღირებულებაც არ აქვს მითითებული; ასევე, თეთრიწყაროს რაიონში მდებარე სამ მიწის ნაკვეთს, რაშიც ჯამში 33 000 ლარი აქვს გადახდილი.

თამარ არჩუაძის სახელზეა თბილისში, ისანში მდებარე 72 კვ.მ ფართობი ბინის 50%-იც, რომელიც 1982 წელს ოჯახს სახელმწიფოსგან გადაეცა.

ასევე, თამარ არჩუაძეს ეკუთვნის 2015 წელს 9000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "ფოლკსვაგენ ტუარეგი".

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, თამარ არჩუაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

"თიბისი ბანკის" სახელფასოზე - 8673,95 ლარს, 19083,4 დოლარს და 139,18 ევროს;

ხოლო Banca Monte Paschi Belgio-ს მიმდინარე ანგარიშზე - 1057,31 ევროს.

ამასთან, ნაღდი ფულადი სახით ფლობდა: 15000 დოლარს და 15400 ევროს.

გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვთ, თამარ არჩუაძემ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტზე, 2018 წელს ხელფასის სახით, ჯამში - 61604 ლარი მიიღო.

ნინი ქეთელაური