ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივები საქართველის ეკონომიკას 70-ჯერ აღემატება - როგორ მუშაობენ საპენსიო სისტემები ევროპაში

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებულისთვის და მისი დამსაქმებლისთვის. შემოთავაზებული საპენსიო სისტემა ძირითად შემთხვევაში გულისხმობს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ხელფასიდან 6%-იან დანაზოგს. კერძოდ, დასაქმებული ყოველთვიურად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაბეგრი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი ასევე 2%-ს, 2% კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. თვითდასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე შეაქვს შემოსავლის 4%, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი, ამ შემთხვევაშიც 2%-ია.

აღნიშნული სისტემას საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს მოსახლეობის უზრუნველი სიბერის გარანტორია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ მუშაობენ საპენსიო სისტემები ევროპას რამდენიმე ქვეყანაში, ასევე მეზობელ თურქეთშიც და გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

დღეს მსოფლიოში არსებობს ბევრი მსხვილი საპენსიო სისტემა, რომლებიც არამარტო უზრუნველი სიბერის გარანტორები არიან, არამედ იქცნენ ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორებად. მსოფლიოს მასშტაბით ფლობენ უდიდესი კომპანიების აქციებსა და ობლიგაციებს. მსოფლიოს საპენსიო სისტემებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ნორვეგიის საპენსიო ფონდი, რომელიც გამოირჩევა წარმატებული ინვესტიციებით, რომლის აქტივებმა, 1 ტრილიონ დოლარს 2017 წელს გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით, 1,1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ თანხის ნახევარი წარმოადგენს ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალს. ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ კომპანიის პირველი შემოსავლებიდან ოცი წლის შემდეგ, მისი აქტივები, რომელიც ნავთობის გაყიდვების შედეგად მიიღეს, 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებდა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება თუ მას ერთ სულ მოსახლეზე გადავიანგარიშებთ. ნორვეგიის მოსახლეობა 5 მლნ-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ერთ მოსახლეზე 200 000 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ფონდის აქტივები მექსიკის ეკონომიკის ტოლია და საქართველოს ეკონომიკას, დაახლოებით, 70-ჯერ აღემატება. ნორვეგიის საპენსიო სააგენტო ფლობს ისეთი კომპანიების აქციებს, როგორიცა: ,,Google”, ,,Nestle”, ,,Microsoft”, ,,Apple”. ასევე ფონდს ეკუთვნის უძრავი ქონების აქტივები.

ამასთან, ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმატებით მოქმედებს ე.წ. პანევროპულ პერსონალური საპენსიო პროდუქტი (PEPP), რომელიც არის ნებაყოფლობითი პერსონალური საპენსიო სქემა. იგი ავსებს არსებულ საზოგადოებრივ და პროფესიულ საპენსიო სისტემებსა და ეროვნულ კერძო საპენსიო სქემებს. პანევროპულ პერსონალური პროდუქტის დებულება მიზნად ისახავს მიმზიდველობას, დიდ არჩევანს და უფრო კონკურენტული საპენსიო პროდუქტის მიწოდებას მომხმარებლისთვის, რაც მიმართულია მათ დასაცავად. ეს სქემა ევროკავშირის მოსახლეობას სთავაზობს პროვაიდერების ფართო არჩევანს, როგორიცაა სადაზღვევო კომპანიები, აქტივების მენეჯერები, ბანკები, გარკვეული საინვესტიციო ფონდები და რა თქმა უნდა, საპენსიო ფონდები. ასეთი ორგანიზაციის არსებობა არამარტო საპენსიო ფონდებს განავითარებს, არამედ მთლიანად კაპიტალის ბაზარსაც.

საპენსიო სისტემების გამოწვევების გამო, ცვლილებები მოუწიათ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი და იტალია. მათ მიიღეს ნაწილობრივი პრივატიზაციის გადაწყვეტილება. ეს დამოკიდებული იყო ქვეყნების ფინანსურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე. რაც შეეხება დასავლეთ ევროპის საპენსიო სისტემებს, იგი ძირითადად ეყრდნობა ,,სვეტებიან სისტემას“, რომელშიც საპენსიო სქემები განსხვავდება და დამოკიდებულია ამ სისტემაში მონაწილე პირთა რაოდენობაზე, დაფინანსებითა და დაცულობით. პირველი სვეტი აერთიანებს სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე დაყრდნობილ პრინციპს, რომლის საშუალებითაც ხდება გარკვეული სოციალური ჯგუფის უზრუნველყოფა. ამ ჯგუფში თავს იყრიან ფერმერები, საჯარო მოხელეები და სხვ. მას უწოდებენ საბაზისო საპენსიო გარანტიას. მეორე სვეტში ერთიანდება ჯგუფი, რომელთა ფორმირება ხდება დამატებითი არასავალდებულო გადასახადით.

ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მდგრად საპენსიო სისტემად ითვლება პოლონეთის საპენსიო ფონდი. იგი აერთიანებს სხავადსხავა დონეებს და თუ პენსიის ოდენობამ შეადგინა მინიმალურზე ნაკლები, მაშინ მას სახელმწიფო უზრუნველყოფს მინიმალური პენსიით. ამ საპენსიო ფონდში შენატანი შადგენს 19.5 %-ს, რომელიც თანაბრად ნაწილდება დასაქმებულსა და დამსაქმებელზე. პოლონეთში შექმნილია დემოგრაფიული სარეზერვო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში შესაძლო დეფიციტის შევსებას.

საკმაოდ საინტერესოა თურქეთის საპენსიო სისტემა, ის შედგება კერძო საპენსიო ფონდებისგან და მოსახლეობას აქვს საშუალება აირჩიოს ის ფონდი, რომელიც მას სურს. ფართო არჩევანის გარდა, მისი უპირატესობა არის საკუთრების განცდა, შესაბამისად, ინვესტიციების ეფექტიანობაც იზრდება. თურქულ მოდელში, განსხვავებულია შენატანი თანხის დარიცხვის სისტემაც, რადგან მხოლოდ დასაქმებულები რიცხავენ 3%-ს. ეს ხსნის ბიზნესზე ზეწოლასა და იცავს ბიუჯეტს დეფიციტისგან. ასევე გათვალისწინებულია ცვლილებები, რომლის განხორციელებაც შეუძლია თურქეთის ხელისუფლებას.

ავტორი: გიორგი ნადირაძე